მიშველეთ, დამჭრეს – მოკლული პოლიციელის ბოლო სიტყვები

ყვარელში, მოკლული პოლიციელის ახლობლები მედიასთან პირველ კომენატრს აკეთებენ. როგორც ისინი აცხადებენ, მოკლული პოლიციელი გელა. ფ. გარდაცვალებამდე შველას და დახმარებას ითხოვდა. „მიშველეთ, დამჭრეს… რა დროს იძახდა, ეგ არ მახსოვს, შემთხვევა სახლთან მოხდა. ის სანიმუშო პოლიციელი იყო და რამდენიმე წელია მუშაობს. საკმაოდ კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც თანამშრომლებში, ასევე ხალხში. მომხდარის გამო მართლა ყველა გაკვირვებულია“, – განაცხადა მოკლული პოლიციელის ახლობელმა.
შეგახსენებთ, რომ ყვარელში შსს-ს თანამშრომელი გელა ფ. გუშინ მოკლეს. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
“შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1986 წელს დაბადებული ილია ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წლების წინ მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ყვარლის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელს, პოლიციის კაპიტანს, 1970 წელს დაბადებულ გელა ფ-ს გადაჭრილი სანადირო თოფიდან ზურგში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პოლიციელის გადარჩენა სამედიცინო ჩარევის მიუხედავად ვერ მოხერხდა. ის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ილია ს. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ყვარელში, კუდიგორის ქუჩაზე დააკავეს. მას გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიის დატოვება და ინგლისში გამგზავრება. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები