ფარული მოსმენების შესახებ კანონს რიჩარდ ნორლანდი გამოეხმაურა

ფარული მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი გამოეხმაურა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ისინი დააკვირდებიან შედეგებს, თუ რამდენად კმაყოფილი იქნება პროცესით ქართული საზოგადოება. “ეს მრავალმხრივი პროცესია, რომელშიც სისტემის მრავალი ნაწილია ჩართული, მათ შორის სამოქალაქო სექტორიც, საზოგადოებამ უნდა იპოვოს სწორი ბალანსი სამართალდამცველების მიერ უსაფრთხოების მიზნებისთვის ფარული მოსმენების განხორციელებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობას შორის. ჩვენ დავაკვირდებით შედეგებს, რათა გავიგოთ რამდენად კმაყოფილი იქნება ქართული საზოგადოება“, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. პარლამენტმა ფარული მოსმენების ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს მხარი ამჯერად 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა 13-მა მისცა. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ეყარა, რომელიც ხმათა უმრავლესობით არ იქნა გაზიარებული. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების შესახებ ვეტოდაძლეულ კანონს ხელი გუშინვე მოაწერა. დოკუმენტი გუშინვე „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები