გურჯაანში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელს სცემეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. როგორც „კვირას“სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს სპეციალისტმა, ჯიმშერ ოსიაშვილმა სურსათის სარეალიზაციო ობიექტში მონიტორინგის განხორციელებისას გამოავლინა ეტიკეტირების წესის დარღვევა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით იწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორი არ დაეთანხმა დაჯარიმებას, თავს დაესხა სპეციალისტს, რომელიც უგონო მდგომარეობაში, ყბის ძვლის მოტეხილობით გადაიყვანეს საავადმყოფოში. აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სამართალდამცავებს შემდგომი რეაგირებისთვის, ხოლო ბიზნესოპერატორი დამატებით დაჯარიმდება სურსასთის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ხელის შეშლის შემთხვევაში ითვალისწინებს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.