გრეტა წიწავა: არაფერი გვიკვირს კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ – ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღვენ და ალაგ-ალაგ წამოაყვედრებენ წარსულს, ვითომ ერთნი არ იყვნენ და ერთად არ სჩადიოდნენ ავ საქმეებს, ხელისუფლებაში ყოფნისას თუ შემდეგ ოპოზიციაში
„ალიანსადწოდებული“ რადიკალური ოპოზიცის მორიგი თავყრილობა, ვფიქრობ, მალე დაიშლება, თუმცა, გავა ჟამი და ისევ შემოსძახებენ და მოუწოდებენ მათი გარე პატრონები გაერთიანებისკენ და ჩვენც ვიხილავთ მორიგ ჯერზე „შეკვეთის“ შესრულების პროცესს, რომელსაც ალბათ დაარქმევენ „ხალხს ასე უნდა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გრეტა წიწავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ დაინახა 26 მაისის აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც პატიმრების წამების, ბიზნესის რეკეტის, მედიის დარბევისა და ოჯახების დაშინების თანამონაწილეები ან მხარდამჭერები იყვნენ.
„ყველამ კარგად დავინახეთ 26 მაისის აქციაზე „ალიანსის“ ლიდერები – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც იყვნენ დამგეგმავ/თანამონაწილეები მთელი რიგი ავი ამბებისა და შემგულიანებლები მათი თანაგუნდელების მიერ განხორციელებული ტრაგიკული ისტორიებისა, როგორიცაა პატიმრების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის დარბევა, ოჯახების დაშინება. მერწმუნეთ , ყოველ ჯერზე შეგახსენებთ თქვენს პოლიტიკურ წარსულს.
გამომსვლელებს ხმაში რიხი დიდად არ ჰქონდათ, მაგრამ იქვე მოვისმინეთ მათი დიადი გეგმა ერთმანეთის გადათვლის – ფეისბუქზე რომ უნდა დაეწერათ „ საქართველო იმსახურებს უკეთესს“ . შედეგმაც არ დააყოვნა და დიდი მარათონი გაიმართა სააკაშვილი-მელიას შორის – მე ვარ ის უკეთესიო,“ – განაცხადა წიწავამ.
როგორც მან აღნიშნა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წარსულს ისე წამოაყვედრებენ ერთმანეთს, თითქოს, ერთნი არ არიან.
„კი არაფერი გვიკვირს კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ – გარე პატრონებმა თუ არ დატუქსეს, ასე უმუხრუჭოდ მოძრაობენ. ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღვენ და ალაგ-ალაგ წამოაყვედრებენ წარსულს, ვითომ ერთნი არ იყვნენ და ერთად არ სჩადიოდნენ ავ საქმეებს, ხელისუფლებაში ყოფნისას თუ შემდეგ ოპოზიციაში,“ – აღნიშნა გრეტა წიწავამ.