საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაუტარდათ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების”(UAG) თანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების საკითხებზე თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სწავლების მიზანი თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება, საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის გაძლიერება და უსაფრთხოების კულტურის განვითარება იყო.
სწავლების თეორიული ნაწილი მოიცავდა ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების ტიპების, მათი პრევენციის, ევაკუაციის პროცედურებისა და სახანძრო-სამაშველო ძალების საქმიანობის შესახებ. პრაქტიკული ნაწილი კი სიმულაციური სწავლების ფორმატში გაიმართა, სადაც ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 3 ერთეული სახანძრო ტექნიკა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის, ნუგზარ ციხელაშვილის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოების შესახებ სწავლება აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს უკვე ტრადიციულად, მესამე წელია უტარდებათ.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლების ცნობიერებისა და პრაქტიკული უნარების გასაძლიერებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან თანამშრომლობით ყოველწლიურად ტარდება მსგავსი სწავლება. მისი მიზანია თანამშრომელთა მზადყოფნისა და უსაფრთხოების კულტურის კიდევ უფრო გაძლიერება. მონაწილეებმა გაიარეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი, რაც მოიცავდა ევაკუაციის, ხანძრისა და სხვა საგანგებო ვითარების დროს მოქმედების წესების გაცნობას. მინდა მადლობა გადავუხადო სიმულაციურ სწავლებაში ჩართულ ყველა მონაწილეს“, – განაცხადა ნუგზარ ციხელაშვილმა.
პრაქტიკული სწავლება ოფისის თანამშრომლებისა და დაშავებულთა ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა. წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სიმულაციური ხანძრის დროს მოქმედების ყველა ძირითადი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს.