პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე – ძალიან კარგია, რომ მათ აღიარეს დანაშაული, გამოხატეს სინანული, ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვისაც და პირადად მათთვისაც, არავის არ უხარია ადამიანების ციხეში ყოფნა, მათ შორის, თუნდაც ისეთი ადამიანების, რომლებიც პირდაპირ ცდილობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში
თუ იქნება სინანული, აღიარება, რაც ვიხილეთ კონკრეტულ შემთხვევებში 4 ოქტომბრის საქმეზე, გვექნება შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არავის არ უხარია ადამიანების ციხეში ყოფნა, მათ შორის, თუნდაც ისეთი ადამიანების, რომლებიც პირდაპირ ცდილობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში.
„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ ეს განცხადება, თუ იქნება სინანული, აღიარება, რაც ვიხილეთ კონკრეტულ შემთხვევებში 4 ოქტომბრის საქმეზე, გვექნება შესაბამისი რეაგირება. არავის არ უხარია ადამიანების ციხეში ყოფნა, მათ შორის, თუნდაც ისეთი ადამიანების, რომლებიც პირდაპირ ცდილობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში. მათ მიმართაც რეაგირება გვექნება შესაბამისი, თუ იქნება სინანული, აღიარება, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის, იმისათვის, რომ ასეთ რამ აღარ განმეორდეს. სახელმწიფომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი ზომები, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის დამშვიდებას, დასტაბილურებას, მათ შორის, ეს იყო ის, რომ სამართალი სათანადოდ აღსრულდა რევოლუციის შემთხვევებთან დაკავშირებით. 30-ზე მეტი ადამიანი იქნა დაპატიმრებული 4 ოქტომბრამდე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის. ასევე, 4 ოქტომბერზე სათანადო რეაგირებაც მნიშვნელოვანი იყო პრევენციისთვის. ბუნებრივია, სახელმწიფო უნდა დადგეს თავის ადგილზე. რა თქმა უნდა, ჰუმანურობაც არის ის, რაც სახელმწიფომ, ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს სათანადო პირობების არსებობისას. ესეც არის ჩვენი ჰუმანური მიდგომის გამოხატულება. კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ ეს პირობა – თუ ვინმე გამოხატავს სინანულს, თუ ვინმე აღიარებს საკუთარ დანაშაულს, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება. მოვიქცევით ისე, როგორც მოვიქეცით ამ კონკრეტული პატიმრების შემთხვევაში. ძალიან კარგია, რომ მათ აღიარეს დანაშაული, გამოხატეს სინანული. ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვისაც და პირადად მათთვისაც”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.