თინათინ რუხაძე ქალაქ სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალის – „მომავლის ხმა – ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია“ დაჯილდოებას დაესწრო

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ქალაქ სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალის – „მომავლის ხმა – ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია“ დაჯილდოებას დაესწრო.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურს-ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა. პროექტი, რომლის მიზანიც თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალი ტალანტების აღმოჩენაა, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელდა.

„ვანო სარაჯიშვილის სახელი არა მხოლოდ ქართული საოპერო ხელოვნების დიდ ისტორიაზე, არამედ მის მსოფლიო მნიშვნელობაზეც მეტყველებს. დღეს, ამ ნიჭიერი ახალგაზრდების შემხედვარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი მუსიკალური ტრადიციები საიმედო ხელშია. კონკურსში მონაწილე თითოეულ ახალგაზრდას დიდ წარმატებას ვუსურვებ.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, გამორჩეულ პროფესიონალებს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის ორგანიზებასა და განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული“, – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა თინათინ რუხაძემ.

კონკურს-ფესტივალში მონაწილეობდნენ დამწყები ვოკალისტები, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ახალგაზრდა მომღერლები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები