ბათუმის თოჯინების თეატრის მმართველი და შპს "თექ-ევ ინშაათის" დირექტორი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების დამზადება – გამოყენების და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს: შპს ,,თექ-ევ ინშაათის“ დირექტორი ჰალილ ექში და ტექნიკური დირექტორი გიორგი ოდიშვილი, ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისებაში დახმარებისათვის, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიცემულია ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის მმართველი მედეა ჩარკვიანი და სამუშაოთა ტექნიკური ზედამხედველი ილია ზაქარიაძე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,,თექ-ევ ინშაათს“ სსიპ ,,ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრისათვის“ უნდა შეესრულებინა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის შენობის 1 163 226,28 ლარის ღირებულების სარეკონსტრუქციო – სარემონტო სამუშაოები.
“საგამოძიებო მოქმედებების და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ აღნიშნული კომპანიის მიერ არ იქნა მოწყობილი თეატრის განათების, გახმოვანებისა და კონდიცირების სისტემები. მიუხედავად ამისა, ყალბი სამუშაოთა აქტების ფორმა N2 საფუძველზე, სამუშაოები შესრულებულად იქნა მიღებული. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ, შეუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი არ ფუნქციონირებს ერთ წელზე მეტია და მისი ექსპლუატაციისთვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანას დღეისთვის 300 000 ლარზე მეტი თანხა ესაჭიროება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილი „ბ“ პუნქტით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები