სოლომონ პავლიაშვილი: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სრულდება ევროპული სტანდარტის შესაბამისი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების განთავსების მშენებარე ობიექტი დაათვალიერეს და მიმდინარე საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, პარლამენტის დელეგატმა წევრებმა, საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს პროექტის შესახებ, მათ შორის, განიხილეს ახალ ობიექტზე მომსახურებასთან დაკავშირებული და ფინანსური საკითხები.
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სრულდება ევროპული სტანდარტის შესაბამისი ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა. თანამედროვე ობიექტი 29 წლის განმავლობაში 5 მუნიციპალიტეტს: თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, დმანისი, ბოლნისი მოემსახურება, ძველი ნაგავსაყრელები კი, დაიხურება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. სამუშაო შეხვედრაზე, ქვემო ქართლის რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, განვიხილეთ ახალ ობიექტზე მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები. სამუშაო პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროები მუშაობენ“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ახალი ობიექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ ფარგლებში შენდება. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, აქტიურად და კოორდინირებულად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით ევროპული სტანდარტის შესაბამისი პროექტების განსახორციელებლად.