გივი მიქანაძე: გამომცემელთა მხრიდან პრეტენზიები მოსალოდნელი იყო, მათ აქვთ ბიზნესინტერესი, ჩვენ გამოვდივართ საზოგადოების, ქვეყნის ინტერესიდან, მზად ვართ კონკრეტულ ავტორებთან თანამშრომლობისთვის

გამომცემელთა მხრიდან პრეტენზიები გასაკვირი არ არის, ეს მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სამინისტრო როდესაც თვითონ იღებს თავის თავზე ამ უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობას, აქ უკვე გამომცემლების კომპონენტი ფაქტობრივად, ნელ-ნელა მილევად რეჟიმში გადადის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთი რაღაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ მზად ვართ კონკრეტულ ავტორებთან თანამშრომლობისთვის, იმ ღირებულებითი კომპონენტის გათვალისწინებით, რაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარეა და ეს პროცესი, რომელიც ახლა იწყება, მათი, განსაკუთრებით, ავტორების, ექსპერტების ჩართულობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ შეავსებს და გაამდიდრებს ამ პროცესს. გამომცემლებს აქვთ უფრო ბიზნესინტერესი ამ კომპონენტთან მიმართებით. ჩვენ გამოვდივართ საზოგადოების, ხალხის, ქვეყნის ინტერესიდან, რა არის ღირებული, რა არის ხარისხიანი, რა არის ის მასალა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ჩვენი შვილები იმ პრინციპით აღიზარდონ, რა მოლოდინის თითოეულ ჩვენგანს გვაქვს. უმეტესობა მათგანთან უკვე გვაქვს შესაბამისი კომუნიკაცია დამყარებული და ისინი მზად არიან, ნებისმიერ მომენტში ჩაერთონ უკვე იმ პროცესში, რომ დაიწყონ ამ სახელმძღვანელოებზე მუშაობა. სახელმძღვანელოებზე მუშაობა ორი-სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. მოხდება ეტაპობრივად სახელმძღვანელოების ჩანაცვლება, უნდა მოხდეს მათი პილოტირებაც, შემდგომში კიდევ უფრო დახვეწაც და უკვე საბოლოო ხასიათით სასწავლო პროცესში შემოტანა. ამიტომ. ეს პროცესი ორ-სამწლიან ეტაპს მოიცავს“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ამ განცხადებით მინისტრმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ აპირებს ურთიერთობას გამომცემლებთან, რომელთა მხრიდანაც კრიტიკა ისმის.

განათლების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოების ავტორების დიდი ნაწილი შერჩეულია, სხვადასხვა დისციპლინისა და საფეხურის მიხედვით.

„პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ამ რეფორმისთვის გუშინ არ მოვმზადებულვართ. ჩემი დანიშვნის დღიდან ჩვენ ინტენსიურად ვემზადებოდით ამ რეფორმისთვის, ვამზადებდით იმ დოკუმენტს, რომელიც დღეს წარედგინა საზოგადოებას. პარალელურ რეჟიმში მუშაობდით კონკრეტულ ექსპერტებთან, ჯგუფებთან, მათი გამოცდილების, მათი იმ ცოდნისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც აუცილებელია სწორედ იმ კომპონენტების გასათვალისწინებლად, რაც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს წარმოადგენს, თუმცა, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური, რომ ეს პროცესი ღირსეულად განვახორციელოთ. ამასთანავე ვიტყვი, რომ ეს სახელმძღვანელოები ცოცხალი ორგანიზმი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ დროდადრო, არსებული საჭიროებიდან, ახალი მეთოდოლოგიიდან, თუ სხვა კომპონენტიდან გამომდინარე, შესაძლოა, მათში გარკვეული ცვლილებები შევიდეს“, – განაცხადა მიქანაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორი მიდგომა იქნება კერძო სკოლების მიმართ და იქნება თუ არა მათთვის სავალდებულო იმ სახელმძღვანელოებით სწავლება, რომელიც დადგინდება საჯარო სკოლებისთვის განათლების სამინისტროს მიერ, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ეს სახელმძღვანელოები ლობი იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებისთვის.

„ეს მოიცავს ყველა სკოლას, თუმცა კერძო სკოლებს აქვთ დამატებითი რესურსები, სხვადასხვა მიმართულებები და რა თქმა უნდა, ისინი გამოიყენებენ ამას თავის სასწავლო პროცესში, თუმცა იმ კონკრეტულ ფუნდამენტურ საგნებს, რომელზეც გვაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, ის სახელმძღვანელოები იქნება ერთიანი სტანდარტით წარმოდგენილი, როგორც საჯარო სკოლებში, ასევე კერძო სკოლებში“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები