პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ერთი პირის მკვლელობის და ორი პირის დაჭრის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ერთი პირის მკვლელობის და ორი პირის დაჭრის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, ანგარიშსწორების მოტივით, ბრალდებულმა რევოლვერიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ცეცხლი გაუხსნა სამ პირს, რომელთაგან ერთი პირი მოკლა, ხოლო ორი პირი დაჭრა. დაჭრილების სიცოცხლის გადარჩენა, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები