სულხან თამაზაშვილი: შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი აძლიერებს კულტურის სფეროს განვითარებას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონში
ბათუმი შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონში და აძლიერებს კულტურის სფეროს განვითარებას.
„აჭარის რეგიონი მუდამ იყო მრავალფეროვნებისა და კულტურული შემოქმედების ცენტრი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის და რეგიონის კულტურულ სახეს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს. დარწმუნებული ვარ საერთაშორისო ფესტივალებითა და ღონისძიებებით ჩვენი რეგიონი კიდევ უფრო გაამყარებს თავის პოზიციას, როგორც მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის, UNESCO-ს პატრონაჟით და საქველმოქმედო ფონდის „ლირას“ ორგანიზებით იმართება. აღსანიშნავია, რომ ფონდის დამფუძნებელი აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძეა.
ხუთი დღის განმავლობაში ბათუმი მრავალფეროვანი შემოქმედებითი აქტივობების ცენტრად იქცევა. ფესტივალი აერთიანებს მსოფლიოს წამყვან კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებს და ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდა მუსიკოსების აღმოჩენისთვის.