მიხეილ ყაველაშვილი – შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე: სასიხარულოა, რომ დროთა განმავლობაში, აღნიშნული ფესტივალი საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კულტურულ მოვლენად იქცა, რომელმაც არაერთი ახალგაზრდა ტალანტის აღმოჩენასა და მათთვის გზის გაკვალვას შეუწყო ხელი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის ცერემონიას მეუღლესთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხელოვნება და ამ ტიპის ღონისძიებები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თანამედროვე მსოფლიოს კულტურულ რუკაზე საკუთარი, ღირსეული პოზიციის გასამყარებლად და ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად.

„განსაკუთრებით მინდა გამოვყო და მადლობა გადავუხადო ერთ-ერთ გამორჩეულ და წარმატებულ ქართველ ხელოვანს, საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, UNESCO-ს მშვიდობის არტისტს, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, რომლის უდიდესი ძალისხმევითაც ჩაეყარა საფუძველი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო  ფესტივალს 12 წლის წინ.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ UNESCO-სთან,  გაეროს განათლების, მეცნიერებისა და ხელოვნების ორგანიზაციასთან ერთად, ეს შესანიშნავი ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება, ვინაიდან თანამედროვე მსოფლიოს კულტურულ რუკაზე საკუთარი, ღირსეული პოზიციის გასამყარებლად და ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, ხელოვნება და ამ ტიპის ღონისძიებები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

მინდა აღვნიშნო, რომ  შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ამ სფეროში ჩვენი ქვეყნის, კერძოდ, ქალაქ ბათუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ ფესტივალი საქართველოსათვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კულტურულ მოვლენად იქცა.

„სასიხარულოა, რომ დროთა განმავლობაში, აღნიშნული ფესტივალი საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კულტურულ მოვლენად იქცა, რომელმაც არაერთი ახალგაზრდა ტალანტის აღმოჩენასა და მათთვის გზის გაკვალვას შეუწყო ხელი. ამავდროულად, უამრავ ადამიანს გააცნო ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ფოლკლორული ანსამბლები, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ თავიანთი ქვეყნების ეროვნულ იდენტობასა და კულტურას, რაც ხელს უწყობს ერებს შორის ახალი კავშირების გაბმას. ეს  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ მსოფლიოში, ასეთ დაძაბულ ვითარებაში, ამ ომების პერიოდში, რომ ჩვენ შეგვიძლია კულტურით ვესაუბროთ ერთმანეთს.

აქედან გამომდინარე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ფესტივალის ორგანიზებაში და, რასაკვირველია, მივესალმები და წარმატებებს ვუსურვებ ფესტივალის მონაწილეებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც და, რა თქმა უნდა, დამსწრე საზოგადოებაც უდიდეს სიამოვნებას მიიღებენ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები