კოტე ჟღენტი – ოპოზიციის აქციაზე გერმანიის ელჩის მისვლაზე: დიპლომატიაში არსებობს დაწერილი და დაუწერელი წესები – გერმანიის ელჩის საქციელი ორივე მათგანს არღვევს
„დღეს მოვისმინე ოპოზიციისგან, რომ ელჩის მოვალეობაა ოპოზიციის შეკრებებზე იაროს – ეს არის ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ დიპლომატმა, კოტე ჟღენტმა ოპოზიციის აქციაზე პიტერ ფიშერის მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე ელჩია საქართველოში, რომელიც არღვევს წესებს.
„საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ელჩებთან, რომლებიც აქ არიან და არც ქვეყნებთან არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს პრობლემა იმ ქვეყნების მთავრობებთან, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ საქართველოში. რამდენიმე ელჩია საქართველოში, რომელიც არღვევს წესებს. არის დაწერილი წესები და არის დაუწერელი წესები დიპლომატიაში და ელჩმა უნდა იცოდეს როგორ მოიქცეს და რა გააკეთოს. და უკვე არანაირ ჩარჩოში არ ჯდება რამდენიმე ელჩის მოქმედება საქართველოში. რა თქმა უნდა, იქ რომ სხვა მთავრობა იყოს, რომელ ქვეყნებსაც ისინი წარმოადგენენ, შეიძლება, გვქონდეს იმის იმედი, რომ სხვაგვარად მოიქცეოდნენ ეს ელჩები. ელჩი მაინც დამოკიდებულია იმ ინსტრუქციებზე, რომელსაც იღებს თავისი ქვეყნიდან.
რაც შეეხება იმ განცხადებას, დღეს მოვისმინე ოპოზიციისგან, რომ „ელჩის მოვალეობაა ოპოზიციის შეკრებებზე იაროსო“ – ეს არის ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი. იმიტომ, რომ არც ერთი ელჩის მოვალეობა, რომელიმე პარტიულ შეკრებებზე სიარული არ არის. ის, რომ ელჩის მოვალეობაა იაროს ოპოზიციის მიტინგებზე და იქ ფოტოები გადაიღოს და ამით მხარდაჭერა გამოუცხადოს რადიკალურ ოპოზიციას, ეს არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება და ყველა ნორმის დარღვევაა“, – განაცხადა კოტე ჟღენტმა.
ცნობისთვის, გერმანიიდან დაბრუნებული ელჩი კვლავ ოპოზიციის აქციაზე მივიდა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.