,,სომხურ-ქართული ტრადიციული მეგობრობა დიდი კავშირების შესაძლებლობას გვაძლევს, რასაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვენს ურთიერთობებს”,- ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.
მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობით უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის ურთიერთდაკავშირებადობის გაღრმავება.
„მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრები. წინა თვეში თბილისში იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აბრეშუმის გზის ფორუმში. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მალე ეწვევა საქართველოს. ჩვენს უწყებებს შორის ურთიერთობა კი ყოველდღიურია და ყველა სფეროს მოიცავს – ეკონომიკიდან უსაფრთხოებამდე, განათლებიდან კულტურამდე და ადამიანთა შორის ურთიერთობები, კავშირები, ვიზიტები. ჩემი კოლეგის მიერ ჩამოთვლილი სფეროები რომ არ გავიმეორო, ერთ მიმართულებაზე შევჩერდები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და მოითხოვს უფრო დიდ ყურადღებას – ეს არის ურთიერთდაკავშირებადობა. როცა ვამბობ ურთიერთდაკავშირებადობას, ვგულისხმობ, როგორც მაკრო, ისე მიკრო დონეებს. რეგიონში გზების გახსნას სომხეთსა და საქართველოს შორის, ეკონომიკურ კავშირებს, ადამიანთა შორის ურთიერთდაკავშირებას, თანამშრომლობას ბიზნესსა და სხვა სფეროებში. ამ ურთიერთდაკავშირებადობას დიდი მოთხოვნილება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.