შალვა პაპუაშვილი: კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ, გვქონდა იმედი, რომ გერმანიის ელჩი გააცნობიერებდა ვენის კონვენციის მნიშვნელობას, შესაბამის მუხლებს გადაიკითხავდა და თავს მაინც შეიკავებდა – არ გასულა რამდენიმე დღე და მთელი საზოგადოება მასხარად აგვიგდო

„კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ, გვქონდა იმედი, რომ გერმანიის ელჩი გააცნობიერებდა ვენის კონვენციის მნიშვნელობას, შესაბამის მუხლებს გადაიკითხავდა და თავს მაინც შეიკავებდა, არ გასულა რამდენიმე დღე და მთელი საზოგადოება მასხარად აგვიგდო,“ – ამის შესახებ მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება, თუ დაწვა.

„აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. ეს ადამიანი მასხარად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებას და ყველაფერს, რაც დაკავშირებულია დიპლომატიასთან. გასაკვირია რაც ჩვენ ვნახეთ. მათ შორის ვნახეთ რა: ისე რომ მას არ დაუგმია 4 ოქტომბრის შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, გუშინ მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, რომლებიც 4 ოქტომბრის შტურმის მონაწილეები იყვნენ; ის პოზირებდა ადამიანთან – მამუკა ცუცქირიძესთან, რომელიც ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საქართველოს პატრიარქს და მის მოსაყდრეს ეგზარქოსებად მოიხსენებს და ამ ადამიანთან დადგა გერმანიის ელჩი, ფოტო გადაიღო და სოლიდარობა გამოუცხადა. რა არის ეს თუ არა თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე?! ეს მე მაგონებს მიხაილ როთის ხაზს, როცა ჩამოსული იყო და თქვა – რა გინდათ, ბედნიერებას გინდათ მიაღწიოთ ეკლესიასთან ერთადო? დღეს ამ ხაზს აგრძელებს გერმანიის ელჩი. მე ახლა ველოდები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რა ნაბიჯებს გადადგამს, რადგან ეს ადამიანი ფაქტია, რომ მასხარად იგდეს ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას. ამ კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ, გვქონდა იმედი, რომ გერმანიის ელჩი გააცნობიერებდა ვენის კონვენციის მნიშვნელობას, შესაბამის მუხლებს გადაიკითხავდა და თავს მაინც შეიკავებდა. არ გასულა რამდენიმე დღე და მთელი საზოგადოება მასხარად აგვიგდო. ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება, თუ დაწვა, რადგან ამ ელჩის პირობებში, რომელიც მასხარად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, მხარს უჭერს ექტრემისტებს, სოლიდარობას უცხადებს ქართული ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის მლანძღველ ადამიანს, რთულია წარმოიდგინოთ, რომ ეს ხიდები გერმანიის მხრიდან აგებული იქნება.

როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აბრუნებდა ელჩს ფიშერს, მის ჩამოსვლამდე მათ ჰქონდათ წინასწარი კონსულტაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მან უწყებას დაჰპირდნენ, რომ გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა იმგვარი ქმედებებისგან, რომელსაც მანამდე ადგილი ჰქონდა. ამიტომ განმარტება უნდა გააკეთოს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის ინფორმაციით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები