თინა ბოკუჩავა – სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე: ეს არის პუტინის დაკვეთა
ეს არის პუტინის დაკვეთა, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ვივამედიდან“ ციხეში დაბრუნებას.
მისი თქმით, ეს არის „ვარდების რევოლუციის“ კონტრრევოლუციის მთავარი ამოცანა, მისი სიმბოლოს განადგურება.
„დიქტატურის კონსოლიდაციის გზაზე ივანიშვილი ახალ-ახალ ბრალს უყენებდა პრეზიდენტ სააკაშვილს. მას პრაქტიკულად, უკვე სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ამიტომ ერთადერთი რაც დარჩენოდა რეჟიმს, მისი საპატიმრო პირობების გამკაცრება იყო ან პუტინის სტილში, პირდაპირ მისი სიკვდილამდე მიყვანა.
ეს არის „ვარდების რევოლუციის“ კონტრრევოლუციის მთავარი ამოცანა, მისი სიმბოლოს განადგურება. ეს არის პუტინის დაკვეთა, რომელსაც ის საჯაროდ აჟღერებდა – იმ უმაღლესი მთავარსარდლის სასტიკი დასჯა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად გაბედა და მას წინააღმდეგობა გაუწია. ეს არის სიგნალი ზელენსკისთვის, სანდუსთვის, ყველასთვის, ვინც მისი მარწუხებისგან თავისი ქვეყნის გათავისუფლებისთვის იბრძვით იარაღით ან უიარაღოდ.
ამ დროს ზოგიერთი პოლიტიკანი თუ კომენტატორი, ისევ გამოვა და მიშას „დაგმობას“ დაიწყებს, იმ 9 წელზე საუბარს, რომელმაც თავისი შეცდომების გათვალისწინებით, თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა.
მერე ნუ უკვირთ, მათ შორის მათ, ვინც „თუ არ მოგვეწონება, გადავირჩევთ“-ს ქადაგებდა 2012 წელს, რომ რუსულ ჭაობად იქცა ჩვენი სამშობლო, რომლისთვისაც ერთ დროს ევროპული პერსპექტივა ერთი ხელის გაწვდენაზე იყო.
ისევ მიშა, ისევ „ნაცები“, ისევ „9 წელი“ და ამ დროს დავკარგეთ არა მხოლოდ ევროპული მომავლის შანსი, არამედ სახელმწიფო, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
ჩვენ ამ უსაზღვრო უსამართლობასაც გავუძლებთ, მაგრამ თქვენ რას ეტყვით შვილებს და შვილიშვილებს არ ვიცი, რომ მიშას ბოღმას გადააყოლეთ მათი მომავალი და ეს ქვეყანა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.