შალვა პაპუაშვილი: პროფესიულ დღეს გილოცავთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს ერთგულად იცავთ

,,დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი.

„პროფესიულ დღეს გილოცავთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს ერთგულად იცავთ. დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი. სწრაფი ტემპით ბარდება წარსულს დრო, როდესაც სახელმწიფოები ერთმანეთთან ოფიციალური არხებით ავითარებდნენ ურთიერთობებს და დიპლომატის სამსახური და მოვალეობა მხოლოდ მასპინძელი ან მესამე ქვეყნის ოფიციალური პირების ინტერესების წინაშე თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვა იყო.

დღევანდელი სამყარო სულ სხვაგვარ, კომპლექსურ და სრაფად ცვალებად გამოწვევებს გვთავაზობს, როდესაც დიპლომატი, იმავდროულად, არის მომლაპარაკებელიც, ინფორმაციის შემკრებიც, ანალიტიკოსიც, პოლიტიკური აქტორიც და საჯარო პირიც, რომელსაც ქვეყნის ინტერესების დაცვა უკვე არა ერთ ან ორ, არამედ მრავალ მიმართულებაზე ერთდროულად უხდება. დღევანდელ კოსმოპოლიტურ, გლობალიზებულ სამყაროში ეროვნულ ინტერესებს ზოგიერთები ანაქრონიზმად, წარსულის გადმონაშთად წარმოგვიჩენენ, რომელთა დაცვაც რეგრესთან და ჩამორჩენილობასთან შეიძლება იყოს ასოცირებული.

მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ, ვითარების და დროების მიუხედავად, დიპლომატი იყო, არის და უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის პატრიოტი და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სამსახურის პრიზმიდან დაინახოს საერთო-საკაცობრიო ღირებულებები და ამოცანები. ამიტომაც, ქვეყნის გარეთ, დიპლომატი სახელმწიფოს ინტერესების დამცველია არა მხოლოდ მოწინააღმდეგეების წინაშე, არამედ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაშიც; საკუთარი ქვეყნის შიგნით კი – სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისადმი გულგრილად განწყობილ ჯგუფებთან, რომლებსაც, ხშირად, მოჩვენებითი გლობალური ტენდენციები უფრო ეძვირფასებათ, ვიდრე საკუთარი სამშობლოს თუნდაც მცირე მასშტაბის, ადგილობრივი მნიშვნელობის, მაგრამ, რეალური, სასიცოცხლო და გადამწყვეტი ინტერესები.

უნდა გავითავისოთ, რომ არ არსებობს მოხელე, რომელიც აბსტრაქტულ სახელმწიფოს და მის ინტერესებს წარმოადგენს, არამედ ყველა ჩვენგანის საქმიანობა ქართული საზოგადოების დინამიური ცვლილების ანარკელია და ჩვენ სწორედ დინამიურად განვითარებად ქართველ ხალხს წარმოვადგენთ მისი ინტერესებითა და მისწრაფებებით. ეს ინტერესები და მისწრაფებები კი, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, არჩევნებზე გამოიხატება, სადაც ქვეყნის მთავარი მიმართულებები განისაზღვრება. ხალხი აძლევს მანდატს პარლამენტს, პარლამენტი განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას, არჩეული მთავრობა კი მას რეალობად აქცევს. ხალხსა და დიპლომატს შორის ნებისმიერი სხვა კავშირის ძიება არღვევს დემოკრატიული მმართველობის პრინციპს და თვითნებურია,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები