BBC: ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ისრაელი ღაზის სექტორში შენობების დანგრევას აგრძელებს
ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ ისრაელის ძალები ღაზის სექტორში შენობების ინტენსიურ განადგურებას განაგრძობენ. ამის შესახებ BBC აცხადებს.
გამოცემის ინფორმაციით, სატელიტური ფოტოები და ადგილობრივი წყაროები აჩვენებს, რომ დანგრევის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა რამდენიმე უბანში, მათ შორის ქალაქ ხან იუნისსა და ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში.
ისრაელის მხარე ოფიციალურად აცხადებს, რომ დანგრეული ობიექტების ნაწილი სამხედრო მიზნებისთვის იყო გამოყენებული და ოპერაციები მიზნად ისახავს “ჰამასის” ინფრასტრუქტურის სრულ განეიტრალებას. თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები ამბობენ, რომ დაბომბვის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის საცხოვრებელი სახლები და ჯანდაცვის დაწესებულებები.
გაეროს შეფასებით, ღაზის ინფრასტრუქტურის 70%-მდე უკვე დაზიანებულია ან განადგურებულია, ხოლო ჰუმანიტარული მდგომარეობა რეგიონში კვლავ კრიტიკულია.