ჭეიშვილი – კოსის და კალასის ერთობლივ განცხადებაზე: თითიდან გამოწოვილი, სუსტი, ვითომდა არგუმენტებით შეფუთული ნარატივი, რომელიც ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვინახავს

“მარტა კოსის და კაია კალასის განცხადებაზე ისევ და ისევ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მორიგი, ყალბ ნარატივზე დაფუძნებული განცხადება”, – ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა.

აღნიშნულით ის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ.

„მათ თუ სურდათ, რომ გამიჯვნოდნენ ამ თუნდაც ძალადობრივ განვითარებას და ექსტრემიზმს, ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდათ აქამდე არაერთხელ და ეს მხოლოდ ბოლო პერიოდს არ შეეხება. აქამდეც ჩვენ არაერთხელ მოვუწოდებდით, მათ შორის, ევრობიუროკრატიას, მათ შორის – აქ კონკრეტული სახელმწიფოების ელჩებს თუ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს, რომ გამოეხატათ საკუთარი პოზიცია მაშინ, როდესაც ის ჯგუფები, ის ძალები, რომლებსაც თავად ძალიან გულთბილად უწყობენ შეხვედრებს და ახდენენ მათ წახალისებას, სწორედაც თავს იჩენდნენ ამ ექსტრემისტული ზრახვებით და ქმედებებით. ჩვენ პირიქით, ვხვდებოდით ქრონიკულ დუმილს, ამავე დროს, იყო არაერთი დამადასტურებელი ფაქტი, არაერთი კადრი იმისა, როდესაც ეს ადამიანები ძალიან თბილად იყვნენ ერთმანეთისადმი და ისინი პრინციპში არც მალავდნენ, რომ ერთმანეთის მხარდაჭერას თუ წახალისებას ახდენდნენ.

მარტა კოსის და კაია კალასის განცხადებაზე ისევ და ისევ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ეს არის მორიგი ყალბ ნარატივზე დაფუძნებული განცხადება და სხვა ასპექტებს თუ ჩავხედავთ ამ მომართვისა, დავრწმუნდებით, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი, სუსტი, ვითომდა არგუმენტებით შეფუთული ნარატივი, რომელიც ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვინახავს. ამასთან მიმართებით გვაქვს უკვე მტკიცე იმუნიტეტი, რომ სათანადო ანალიზი გავუკეთოთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. რა მოტივებით მოქმედებენ თუნდაც აღნიშნული ევრობიუროკრატები ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით”, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

კაია კალასის და მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: “აუცილებელია დიალოგი, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ძალადობისგან თავი შეიკავონ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები