პრეზიდენტი: ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია, რომ მოვლენებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და ნიჰილისტური მდგომარეობიდან გამოვიდეთ.
„[აქციები] უნდა გაგრძელდეს, აუცილებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ 25 ნოემბერს ძალიან ბევრი ხალხი იქნება[პარლამენტთან]. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის გადამწყვეტი მომენტი. ის, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები შევლენ პარლამენტში და ერთმანეთს გაუღიმებენ, არაფერს არ წყვეტს. გადაწყვეტილი აქვთ, რომ შევლენ და შევეგუოთ, რომ შევლენ და ისინი უნდა შეეგუონ იმას, რომ შევლენ, ეს არაფერს არ ნიშნავს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.