ოლესია თავაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
25 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლე მხატვრის, ფერმწერის, ილუსტრატორისა და არაერთი წიგნის თუ ხელნაკეთი კოსტიუმების ავტორის, ოლესია (ლესა) თავაძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, ოლესია (ლესა) თავაძე 1944 წლის 17 იანვარს, ქალაქ თბილისში დაიბადა. დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, 1963 წლიდან სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (შუალედში, ორი წელი მოსკოვის პოლიგრაფიულ ინსტიტუტში) – ფერწერის, წიგნის გრაფიკისა და თეატრალური მხატვრობის სახელოსნოებში. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდგომ, გაამზადა საცირკო კოსტიუმების ესკიზები საქართველოს საცირკო დასისთვის.
1973-75 წლებში მუშაობდა მთავარ მხატვრად თბილისის რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 1978-79 წწ-ში მთავარ მხატვრად თბილისის მინიატიურებს თეატრში, ჟურნალ Литературная Грузия-ს მთავარ მხატვრად (1996–2006), მხატვრად თეატრისა და კინოს მუზეუმში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოსტიუმების ისტორიის კურსის მიწვეულ ლექტორად. გაფორმებული აქვს არაერთი სპექტაკლი თბილისისა და ბათუმის თეატრებში. მუშაობს დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში, შეასრულა არაერთი წიგნის დიზაინი და ილუსტრაცია (მათ შორის, შექსპირის პიესები: „მეფე და ჯონი” და „სიყვარულის ამაო გარჯა” – შექსპირის თხზულებათა I ტომი).
მისი ნამუშევრები ექსპონირებული იყო სხვადასხვა ქვეყანაში და ინახება მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში, ლაურეატია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სამხატვრო კონკურსისა. ავტორია არაერთი ხელოვნებათმცოდნეობითი სტატიისა და რეცენზიის, აგრეთვე – საბავშვო წიგნის “Bursunsul and Paskualina”, რომელიც 2007 წ. პრემირებული იყო საერთაშორისო კონკურსზე “Step by Step” (ნიუ-იორკი – ამსტერდამი) და გამოიცა მსოფლიოს მრავალ ენაზე. ქართულ ენაზე გამოცემული პირველი წიგნი, პროზაული მინიატიურების კრებული – „სევდიანი ჩანაწერები” იყო (2011).
ამავე წელს საქართველოს საპატრიარქოს საბავშვო წიგნების მეორე ფესტივალზე გაიმარჯვა ორ ნომინაციაში: საუკეთესო საბავშვო ილუსტრაციებისა („პასკუალინა და ბუსუნსულა“) საუკეთესო საბავშვო წიგნის („პატარა მაწანწალა“) ავტორმა.
გამოფენა დამთვალიერებლებს 4 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.