“რუსეთმა იფიქრა – რატომ გავამწვავოთ, შეცვალონ ბჟანია, რა მნიშვნელობა აქვს, მის მაგივრად იქ პეტრე იქნება, თუ პავლე? ყველა რუსეთის მარიონეტი, ვასალი, იქნებაო” – თამაზ ხუბუა ოკუპირებული აფხაზეთის მოვლენებზე
“რუსეთმა იფიქრა: “რატომ გავამწვავოთ, როდესაც ისინი ჩვენი მხარდაჭერის ეგიდით გამოდიან, შეცვალონ ბჟანია, რა მნიშვნელობა აქვს, ბჟანიას მაგივრად იქ ხუბუა იქნება, პეტრე, თუ პავლე? ყველა რუსეთის მარიონეტი, ვასალი, რენეგატი იქნება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით”. ბჟანია გადადგა, ე.წ. არჩევნებს დანიშნავენ, თავიანთ წარმომადგენლებს აირჩევენ და საქმიანობას გააგრძელებენ” – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამაზ ხუბუამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხუბუა ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.
“ის მოვლენები, რომელიც იქ განვითარდა, არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და საერთოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების იმპლემენტაციის თემებს, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებს ეხება. ეს არის სუფთა მერკანტილურ ვნებებზე დაყრდნობილი გამოვლინებები ზოგიერთი საპროტესტო ქმედებებისა, რომელიც ე.წ. სახალხო კრების დეპუტატების მიერ ლობირებული ბიზნესჯგუფების ინტერესების დასაცავად იყო მიმართული. საქმე ის გახლავთ, რომ ვნებები გამოიწვია აპარტამენტების და ინვესტიციების შესახებ ე.წ. კანონპროექტებმა, რომელიც კრემლში იყო მომზადებული და ე.წ. სახალხო კრებისადმი მათი დამტკიცება იყო შეთავაზებული. ამ დოკუმენტებში პირდაპირ მითითებულია, რომ ულტიმატუმის დონეზე უპირატესობები აფხაზეთის საზღვარგარეთიდან შემოსულ ინვესტორებს, ბიზნესინტერესების მატარებელ ადამიანებს, კომპანიებს ენიჭებათ. საუბარია ვისზე – რა თქმა უნდა, რუსეთზე. დღემდე რუსეთი აფხაზეთს თავის გუბერნიად მიიჩნევს. ზედმეტი შეკითხვები რომ არ ყოფილიყო, ამიტომ ასეთი “დოკუმენტი” მოიგონა, რომელიც ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ ადამიანებს ეუბნება, თქვენ ოღონდ აფხაზეთში წადით, საქმე დაიწყეთ, ადგილობრივ ბიზნესმენებს უპირატესობები არ ექნებათო. ეს ყველაფერი აფხაზეთისადმი დახმარების და ინვესტიციების საფარველის ნიღბით კეთდებოდა. აფხაზი ბიზნესმენები ბოლოსდაბოლოს მიხვდნენ, რომ მათი უფლებები სერიოზულად ირღვეოდა, ამიტომ ეს გამოსვლები დაიწყო. გამოსვლები მარტო ბიზნეს ინტერესებისკენ არ იყო მიმართული, ზოგიერთმა “ჭკვიანმა” ( რამდენად ჭკვიანმა, ამის განსჯა თქვენთვის და ჩვენი მაყურებლებისთვის მომინდვია), გადაწყვიტეს, რატომ მარტო ინვესტიციის, ბიზნესის საკითხი, აქვე ჩვენთვის სასარგებლო პოლიტიკური საკითხებიც გადავწყვიტოთ, ასლან ბჟანია არ მოგვწონს და ჩვენი კაცი გავხადოთ პრეზიდენტად, ხელისუფლებაში სხვა ადამიანები მოვიყვანოთ, ჩვენს ბიზნესსაც უფრო გამართული, მწვანე შუქი ექნებაო. ე.წ. ოპოზიციური ძალები და მათი მხარდამჭერები ამ საკითხებისკენ იყვნენ და არიან მომართულები.
ერთი ნიშანდობლივი მომენტია: ეს მომიტინგეები რუსეთის დროშით გამოდიოდნენ და გამოდიან, ჩვენ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არ ვართ, ისინი ჩვენი ძმები არიან, მაგრამ ეს ადამიანები რუსეთიდან წამოსულ სახსრებს იჯიბავენ, ხალხამდე არ მიდის და ამიტომ, გვინდა, შევცვალოთო. ეს არის პოლიტიკური ანატომია იმ პროცესებისა, რაც იქ განვითარდა. მე როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრს და აფხაზეთიდან დევნილს მიმაჩნია, რომ ამ საკითხებისადმი ყურადღების გამახვილება ჩვენთვის, დანარჩენი საქართველოს პოლიტიკოსებისა და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც ადრე ასეთი მწვავე საპროტესტო გამოსვლები არ ყოფილა. მიუხედავად პოლიტიკური ბულინგისა, ზემოქმედების მცდელობებისა, შეშინებისა, იქ მცხოვრებმა ადამიანებმა, (ბიზნესმენები დავარქვათ, თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები) თავისი დამოკიდებულება მაინც გამოხატეს და რუსეთმა იფიქრა: “რატომ გავამწვავოთ, როდესაც ისინი ჩვენი მხარდაჭერის ეგიდით გამოდიან, შეცვალონ ბჟანია, რა მნიშვნელობა აქვს ბჟანიას მაგივრად იქ ხუბუა იქნება, პეტრე, თუ პავლე? ყველა რუსეთის მარიონეტი, ვასალი, რენეგატი იქნება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით”. ბჟანია გადადგა, ე.წ. არჩევნებს დანიშნავენ, აირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს და საქმიანობას გააგრძელებენ. ისინი თვლიან, რომ წარმატებას მიაღწიეს და აფხაზეთის აღორძინებას გააგრძელებენ” – განაცხადა ხუბუამ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მშვიდობის საკითხების შენარჩუნებასთან დაკავშირებით რა პოლიტიკასაც ატარებს, ამ მომენტისთვის ყველაზე უფრო რეზულტატიანია.
“ერთი მომენტი აუცილებლად უნდა გავაჟღერო: ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება, ნაცნობები და უცნობებიც, გვეუბნებიან მართალია, თუ არა, რომ ე.წ. ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები, რომლებმაც სოხუმში ეს საკითხები წამოიწყეს, თავიანთ გამონათქვამებში აფიქსირებენ, რომ თუ ჩვენ მოვალთ, თბილისის ხელისუფლებასთან დავიწყებთ საუბარს და დაიწყება ეტაპი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იმ საკითხების მოგვარებისა, რომელიც სოხუმსა და თბილისს შორის არსებობს? ამის მსგავსი არაფერია, “ფეიკია”, როგორც იტყვიან. ამის მსგავსი ინფორმაცია ჩვენთან შემოსული არაა. პერსპექტივაშიც არ ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში იქ ისეთი ძალები
იქნებიან საყურადღებო, რომლებიც ამ საკითხებს წინა პლანზე წამოწევენ. ჯერ იქ ყველაფერი რუსეთის კონტროლით მიმდინარეობს. რუსეთი ყოველდღე ცდილობს, თავის ანექსიურ მოღვაწეობას წერტილი დაუსვას აფხაზეთში. იქ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ამ პროტესტთან დაკავშირებული არ ყოფილა და არც შეიძლებოდა, ყოფილიყო იმ გარემოში, სადაც რუსეთის დამქაშობა წინა პლანზეა წამოწეული.
ყოველგვარი ზედმეტი ემოციების გარეშე: საქართველოს
ხელისუფლება მშვიდობის საკითხების შენარჩუნებასთან დაკავშირებით რა პოლიტიკასაც ატარებს, ამ მომენტისთვის ყველაზე უფრო რეზულტატიანია. თავად რუსეთი ვერ გარკვეულა, ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა ვერ გარკვეულა, ხვალ და ზეგ როგორ განავითარონ პროცესები, რათა ევროპაში და ზოგადად, მესამე მსოფლიო ომის დაწყებას არ შეუწყონ ხელი. ამიტომ, ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს. სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებით საფუძველი ჩაეყაროს ახლებური მიდგომების დაწყებას, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან, საქართველოს შემოუერთდნენ, ამ საკითხების ასეთი წარმოდგენა გულუბრყვილოა და შეუძლებელია, ამის იმედი გვქონდეს“,- განაცხადა თამაზ ხუბუამ.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, „თანამდებობიდან“ გადადგომაზე თანხმობა განაცხადა. შეთანხმების თანახმად, ბჟანიას მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი, ბადრა გუნბა შეასრულებს. თანამდებობას ასევე ტოვებს ე.წ. პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი და მის მოვალეობას ყოფილი „პრემიერ-მინისტრი“ ვალერი ბგანბა შეასრულებს. ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობა და დაძაბული ვითარება იყო. სოხუმში რამდენიმე დღეს ე.წ. ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. ისინი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ. ბჟანიას გადადგომის მოთხოვნას წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტი რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმების გამო. 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები რუსეთთან საინვესტიციო პროექტების ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებოდნენ. მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს. 15 ნოემბერს დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს. “მსგავსი გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ვითარების სტაბილიზებისთვის იქნა მიღებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
თამუნა შეყილაძე