ქალი ფრანგული სურნელით

     ის ყოველთვის დაკავებულია და მუდამ სადღაც ეჩქარება, მაგრამ გართობისთვის დროს ყოველთვის პოულობს… ის არ მოიხმარს არც თამბაქოს და არც ალკოჰოლს, მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება ძილია… ხატია შამუგიას კონფლიქტებისგან თავი ყოველთვის შორს უჭირავს – დიპლომატიაში გენეტიკაც ეხმარება, პირად ურთიერთობებში კი ყველაზე მეტად ბორკილებს ვერ იტანს… 

– დღეს შენ „ცნობადი სახე“ და ქართველი „სელებრითი“ ხარ… როდის და საიდან დაიწყო ყველაფერი?
– ყველაფერი ჯერ კიდევ გასულ ათასწლეულში დაიწყო (იცინის), 98-99 წლებში, სწავლის პარალელურად, რადიოში დავიწყე მუშაობა, ჯერ „საქართველოს ხმაში“, ნახევარი წლის შემდეგ კი „ფორტუნაში“ გადავედი. მაშინ რადიოინდუსტრია ახალი „დაქოქილი“ იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ხალხმაც პირველად მაშინ გამიცნო, ოღონდ მხოლოდ სახელი – გვარით და ხმით, ხმის ტემბრი საკმაოდ დამახასიათებელი მაქვს, სტაჟიანი მწეველივით ხრინწიანი (იცინის), არადა მწეველი არასდროს ვყოფილვარ… ჰოდა, მერე როცა გამოვჩნდი ვიზუალურად, ყველა მეუბნებოდა, რომ სულ სხვანაირი წარმოვედგინე.
– როგორი?
– დიდი და მასიური (იცინის).
– და როდის აღმოაჩინა შენმა აუდიტორიამ, რომ მასიური არ ხარ, ანუ როდის და სად გამოჩნდი საჯაროდ?10718444_10203051927725350_632487709_o
– 2000 წელს, რადიო „ფორტუნას“ ორგანიზებით, გაიმართა ფესტივალი „საუკუნის სიმღერა“, რომლის წამყვანებიც ექსპერიმენტის სახით, რადიოს დიჯეები უნდა ვყოფილიყავით. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ღონისძიება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობდა. მართალია სცენა და მაყურებელი ჩემთვის უცხო არ იყო (ბავშვობიდან ვმონაწილეობდი სპექტაკლებში და კონცერტებში), მაგრამ როცა გავიგე რომ ამხელა აუდიტორიის წინაშე უნდა გამოვსულიყავი,  ცოტა ვინერვიულე.
– ხმა გიკანკალებდა?
– არა (იცინის), რადიოში უკვე კარგი სკოლა მქონდა გავლილი… რადიოეთერი გეხმარება გათავისუფლდე კომპლექსებისგან, თავისუფალი გახადო არა მარტო შენი მეტყველება, არამედ აზროვნებაც… ასე, რომ ჩემი დებიუტი საკმაოდ წარმატებული იყო, რაც იმანაც დაადასტურა, რომ მალევე მიმიწვიეს საახალწლო კონცერტის წამყვანად… ასე დაიწყო ჩემი „სასცენო“ კარიერა (იცინის).
– თუმცა „ცნობადი სახე“, ალბათ, მაინც მოგვიანებით, „ქუჩის ბიჭების“ რძლობით გახდი, არა?
– კი, „ქუჩის ბიჭები“ იმ დროს პოპულარობის ზენიტში იყვნენ და, გურამ ლომიძესთან ქორწინების შემდეგ, მედიის, განსაკუთრებით ყვითელის, ინტერესი ჩემი პერსონის მიმართ, ერთიათად გაიზარდა (იცინის).
– რამდენად შემაწუხებელი იყო ეს ინტერესი შენთვის და, შენი აზრით, რამდენად იმოქმედა (ნეგატიური კუთხით) მან თქვენს ურთიერთობებზე?10711622_10203051927645348_570634888_n
– იცი რა, ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ეს ინტერესი და პოპულარობა არ მსიამოვნებდა, პირიქით, ძალიან მომწონდა (მით უმეტეს, რომ ძალიან პატარა ვიყავი), ის მაძლევდა სტიმულს, გამუდმებით ფორმაში ვყოფილიყავი… მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი პირადი ცხოვრება იმდენად საჯარო და გამჭვირვალე იყო, რომ ამან მართლა მიაყენა ზიანი ჩვენს ურთიერთობას… თუმცა აქვე ვიტყვი, რომ უამრავია ჩვენზე პოპულარული წყვილი, რომელმაც გაუძლო ამ ფსიქოლოგიურ წნეხს და დღემდე ბედნიერად ცხოვრობს – ჩვენ უბრალოდ მზად არ ვიყავით… მიუხედავად ამისა, ძალიან ტკბილად მახსენდება ის დრო და დღემდე საუკეთესო ურთიერთობა მაქვს გურამთან, ალბათ, ყველაზე უკეთესი, რაც კი შეიძლება ყოფილ მეუღლესთან გქონდეს (იცინის).
– ბავშვის გამო კარიერული პაუზა თუ გქონდა?
– პაუზა ფაქტობრივად არ მქონია. ნიკა 4 თვის იყო, როცა სამსახურში გავედი. გავაგრძელე მუშაობა „ფორტუნაში“, სადაც მთლიანობაში 10 წელი გავატარე. პარალელურად კონცერტების, შემოქმედებითი და კორპორატიული საღამოების წამყვანი ვიყავი… ყველაზე დიდი პოპულარობა, ალბათ, მაინც „ჯეოსტარმა“ მომიტანა, იმ დროისათვის ის ერთადერთი რეალითი შოუ იყო და უზომო წარმატებით სარგებლობდა. წამყვანებად მე და სოსო თოლორაია მიგვიწვიეს. სოსო ძალიან ნიჭიერია და გული მწყდება, რომ თავის ნიჭს დღეს საქართველოს არ ახმარს… „ჯეოსტარის“ მეორე სეზონს უკვე დუტა სხირტლაძესთან ერთად ვუძღვებოდი. ძალიან კარგად მახსენდება ორივე სეზონი, საინტერესო და სახალისო სამუშაო იყო, ვცდილობდი, დამენგრია საბჭოური სტერეოტიპი წამყვანის კონსერვატიული იმიჯის შესახებ…
– „ისი პარის“ სახე როგორ გახდი?10719333_10203051927605347_1522877973_n
– „ფორტუნაზე“ ორი საავტორო გადაცემა მქონდა, ერთი კინოს შესახებ და მეორე ლაივშოუ, სადაც შოუბიზნესის წარმომადგენლებს ვიწვევდი. ამ მეორე გადაცემის სპონსორი „ისი პარი“ იყო და საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა მათ წარმომადგებლებთან. სწორედ იმ დროს „ისი პარიმ“ შემოიტანა ახალგაზრდული ბრენდები. ჰოდა, ერთხელაც დამიძახეს და დამფუძნებლებმა შემომთავაზეს გავმხდარიყავი ახალგაზრდული ბრენდების სახე, ბუნებრივია, სიამოვნებით დავთანხმდი. პარალელურად გავაკეთეთ სატელევიზიო პროექტი „მისი პარიზული შარმი“, რომლის წამყვანიც მე ვიყავი. მერე, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მკითხეს, შევითავსებდი თუ არა კომპანიის პიარმენეჯერობას. ცოტა ხნის მერე მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობაც შემომთავაზეს. ოღონდ ამ შემთხვევაში „ფორტუნას“ დატოვება მიწევდა, იმიტომ რომ ამხელა საქმეს ნახევარი განაკვეთით ნამდვილად ვერ გავწვდებოდი.
– ბევრი იყოყმანე?
– მთელი ერთი კვირა ფიქრისგან ლამის ლოგინად ჩავვარდი (იცინის). ჯერ ერთი, მართლა სჭირდებოდა ამხელა საქმესთან შეჭიდებას გამბედაობა, მეორე – „ფორტუნასთან“ განშორება მიჭირდა, ათი წელი ხუმრობა არ არის, ძალიან ეჩვევი, მით უმეტეს, თუ მოგწონს, რასაც აკეთებ. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, გავრისკე, მიუხედავად იმისა, რომ რისკიანი ცხოვრებაში არ ვარ… და ამ რისკმა, ვფიქრობ, გაამართლა… და რაც მთავარია, ჩემი დამსაქმებლებიც ზუსტად ასე ფიქრობენ (იცინის).
– შენს პარფიუმერულ გემოვნებაზეც გვითხარი რამე… გაქვს ამოჩემებული სუნამოები?
– მინდა გითხრა რომ, ამ კუთხით ნამდვილი მანიაკი ვარ (იცინის). შემიძლია ეკონომია ვაკეთო ყველაფერზე, პარფიუმერიის გარდა. ახალ სუნამოებს, ბუნებრივია, არ ვუშვებ ხელიდან, შეიძლება ყველა ვერ გამოვიყენო, მაგრამ ცდით მაინც ვცდი (იცინის). რაც შეეხება ამოჩემებულ სუნამოებს, გამოვყოფდი Cartier-Baiser Vole, Elie Saab – L’Eau Couture-ს და ჩემი ახალი სიყვარულია Burberry – My Burberry… საერთოდ, უფრო მოტკბო არომატი მომწონს.
– შვილზე მოგვიყევი ორი სიტყვით, როგორი ურთიერთობა გაქვს, მკაცრი დედა ხარ?
– რა ვიცი, რა გითხრა, კარგი ბიჭია, ძალიან მომწონს (იცინის), ძალიან დამოუკიდებელი და მამაკაცურია. მკაცრი დედა ნამდვილად არ ვარ, მე და ნიკა მეგობრები ვართ, ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ. თან სწავლა-განათლების თემა ბებიას აქვს გადაბარებული და საჩხუბარიც არაფერი გვაქვს (იცინის.)
– მოდი პირად ცხოვრებაზეც მოგვიყევი რამე, არის ვინმე შენს ცხოვრებაში? მამაკაცს ვგულისხმობ, ბუნებრივია…1372756_10203051927685349_1761064130_n
– იცი, მე ზოგადად მიმაჩნია, რომ ქალის ცხოვრებაში მუდამ უნდა იყოს, „ვინმე., ამის გარეშე ცხოვრება ერთფეროვანი და მომაბეზრებელია, ვინმეს ხომ უნდა გაეპრანჭო? მე კი ლომი ვარ და სულ ვიპრანჭები (იცინის).
– მოდი, ცოტა უფრო დავკონკრეტდეთ, ამ „ვინმესთან“ სერიოზულადაა საქმე, თუ ისე რა?
– ჩემი დაქალები ჩემთვის დიმიტრი გელოვანს ეძებენ… ჯერ ვერ ვიპოვეთ (იცინის). ძალიან კრიტიკული ვარ.
– მაინც რითი შეიძლება შენი მოხიბლვა? როგორი უნდა იყოს შენი პირადი დიმიტრი გელოვანი?
– როგორი და… პირველ რიგში – ძალიან ყურადღებიანი, ძლიერი (ჩემზე ძლიერი), მამაკაცური და აუცილებლად იუმორის გრძნობით… კიდევ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, არ უნდა იყოს ეჭვიანი, არ უნდა შემზღუდოს, ჩემთვის პირადი თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია.
– სამომავლო გეგმებს გაგვიმხელ?
– რა გითხრა, უამრავი გეგმა მაქვს, სრულიად განსხვავებული ხასიათის – ასპირანტურაში სწავლით დაწყებული, ხანგძლივი საზღვაო მოგზაურობით დამთავრებული… ვგიჟდები ზღვაზე… ასევე ძალიან მინდა პიარის და მარკეტინგის კუთხით კვალიფიკაციის ამაღლება. მოკლედ, სავსე ვარ იდეებით და ენთუზიაზმით (იცინის).

გიორგი მიქაძე

10715737_10203051927525345_1603013424_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები