უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო Foreign Policy-ს სტატიას სიცრუეს უწოდებს

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო Foreign Policy-ს სტატიის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. “საქართველოში არ იგეგმება არავითარი საწვრთნელი ცენტრის გახსნა და არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა კოალიციის ფარგლებში. ამასთან, ვაცხადებთ, რომ საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რისი დასტურიც არის ჩვენი მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში. რაც შეეხება IS-ის („ისლამური სახელმწიფოს”) წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას, საქართველოს მონაწილეობა ძირითადად შემოიფარგლება ჰუმანიტარული მისიებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კოალიციის ფარგლებში საქართველოდან არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა და არც საწვრთნელი ცენტრის შექმნა არ იგეგმება“-აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველომ აშშ-ის სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბანაკის განთავსება შესთავაზა – ამ სათაურით Foreign Policy-მა სტატია გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი წერს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ კოალიციაში საქართველოს გაერთიანება რისკების შემცველი იქნება. გამოცემის თანახმად საწვრთნელი ბაზის მასპინძლობა ქართულმა მხარემ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს საქართველოში ვიზიტის დროს დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები