პრემიერი: არსებული გამოწვევები ეფექტიანად უნდა დავძლიოთ

დღეს უკვე მოქმედების დროა, ვიდრე კლიმატური ძვრები გამოიწვევს ფართოდ გავრცელებულ, არაპროგნიზირებად ცვლილებებს მთელ მსოფლიოში და საფრთხეს შეუქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, რთული რელიეფი საქართველოს დაუცველს ხდის ისეთი ბუნებრივი საფრთხეების მიმართ, როგორიცაა წყალდიდობა, ღვარცოფი და მეწყერი. „ზღვის დონის აწევის გამო მოიმატა ქარიშხლებმა და გააქტიურდა სანაპირო ეროზიის პროცესი, რის შედეგადაც განადგურდა სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე, მე სავსებით ვიზიარებ პატივცემული დელეგატების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას და ვეთანხმები ერთობლივ მოწოდებას იმის თაობაზე, რომ ეფექტიანად უნდა დავძლიოთ არსებული გამოწვევები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო მზადაა, გადადგას პროგრესული ნაბიჯები კლიმატური ცვლილებების შერბილებისკენ. როგორც მთავრობის მეთაურმა გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს უკვე ახორციელებს.
„აშშ-ის მთავრობასთან ერთად, ჩვენ ვამზადებთ დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიას, რომელიც უზრუნველყოფს ინტეგრირებულ, ყოვლისმომცველ მიმართულებას გრძელვადიანი, მდგრადი განვითარებისკენ და დაგვეხმარება კლიმატური ცვლილებების სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში. საქართველო მუშაობს სათანადო ეროვნული შემარბილებელი ღონისძიებების (NAMA) მომზადებაზე და ამაყობს, რომ მიაღწია პირველი დონის შესაბამისობას გაეროს კლიმატური ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის NAMA-ს რეესტრში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა ხელს უწყობს განახლებადი ენერგორესურსების განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები