ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო–ლატვიის ახლო პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერჟინსმა ორმხრივ შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლატვიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ევროინტეგრაციის პროცესებში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გამო. მანვე მადლიერებით აღნიშნა, რომ ლატვია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრის ბერჟინს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს.
მხარეებმა უკრაინის კრიზისზე ისაუბრეს და რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები