სახალხო დამცველი კვესიტაძის გადაცემაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

 

  საქართველოს სახალხო დამცველი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ მასალაზე დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს. საუბარია გადაცემაში “განსხვავებული აქცენტები” გასულ მასალაზე, რომელიც პროკურატურის გამოძიების საგანი უნდა გახდეს.
როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, 20 სექტემბერს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემაში “განსხვავებული აქცენტები” გავიდა აუდიო ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრები ახერხებენ ტელეფონით დაუკავშირდნენ ერთმანეთს და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრონ, მათ შორის, როგორც ჟურნალისტი ასკვნის, ე.წ. “მაყურებლის” დანიშვნაზე და ე.წ. “ობშიაკის” შეგროვებაზე.
“პატიმრობის კოდექსი” ზუსტად განსაზღვრავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა მიერ ტელეფონით თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებებით სარგებლობის წესებს, რომელთა დარღვევა შესაბამისი ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს; ზემოაღნიშნულ გადაცემაში გაშუქებული სატელეფონო ჩანაწერები, ასევე შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროს გამოძიება ზემოაღნიშნულ გადაცემაში გასული მასალების შესახებ. გამოძიების შედეგად, ამომწურავად უნდა გაეცეს პასუხი შემდეგ შეკითხვებს: არის თუ არა აუთენტური გადაცემაში გასული თითოეული ჩანაწერი, დადგინდეს საუბარში მონაწილე თითოეული პირის ვინაობა და როდის განხორციელდა აღნიშნული საუბრები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე, ამ საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა უახლოეს დღეებში საქართველოს სახალხო დამცველს და საზოგადოებას მიაწოდებს სრულ ინფორმაციას ამ განცხადებაში დასმულ ყველა საკითხზე”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები