ეკონომიკის სამინისტროში “შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესების” პროექტი განიხილეს

 

   „შენობა–ნაგებობებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების განვითარების პროგრამის“ შედეგები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც 23 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე უძღვებოდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, USAID–ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის მხარდაჭერით, ბოლო 6 თვის განმავლობაში განახორციელა “შენობა–ნაგებობებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების განვითარების პროგრამა” AID-114-C-10-00004, რომლის ფარგლებშიც მომზადდა ტექნიკური რეგლამენტის – “შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესების” პროექტი. მისი მეშვეობით მოხდება შენობის დაგეგმარებასთან, სახანძრო უსაფრთხოებასთან, გასასვლელ საშუალებებთან და შენობის შემომზღუდავებთან დაკავშირებული უსაფრთხოების მინიმალური პირობების რეგულირება. გარდა ამისა, დამუშავდა წესების ილუსტრირებული გზამკვლევი, რომელშიც მარტივად და გასაგებადაა ახსნილი წესების თითოეული თავის ძირითადი პრინციპები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება სამშენებლო დარგის პროფესიული წრეებს, მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, იხელმძღვანელონ საერთაშორისო სტანდარტებითა და ნორმებით, რათა შენობა-ნაგებობები საქართველოში, ტექნიკური რეგლამენტების გამოყენების შემდეგ, გახდეს უფრო უსაფრთხო.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მიმართულებების თაობაზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა საქართველოს რეგიონებში, გარდა ამისა, შესაბამისი სასწავლო პროგრამა დაინერგა საქართველოს რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში.
ტექნიკური რეგლამენტის “შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესების” პროექტი შემუშავდა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების International Building Code –ის საფუძველზე.
პროგრამა USAID–ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის კონტრაქტორმა ორგანიზაციამ – ააიპ “შენობა–ნაგებობების ინსტიტუტი – საქართველომ”განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები