პრემიერის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბი აჭარაში მუშაობის 24 -საათიან რეჟიმზე გადადის

 

    აჭარაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, პრემიერის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბი, მუშაობის 24 – საათიან რეჟიმზე გადადის. საგანგებო შტაბის სხდომაზე აჭარის მთავრობის მეთაურმა, ბათუმის მერმა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა დეტალური ანგარიში წარადგინეს სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
როგორც “კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოდან აცნობეს, ამ ეტაპზე სალიკვიდაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. გასული დღე-ღამის განმავლობაში 150 გამოძახებაა შესული.
“რეაგირების გარეშე არც ერთი შემთხვევა არ დარჩენილა. ბათუმის ქუჩებში წყლის ტუმბვა დასრულებულია და დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებიდან. შესაბამისი საქალაქო სამსახურის მიერ მუდმივად მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი. რამდენიმე მეწყერული კერა დაფიქსირდა ხელვაჩაურში. 8 ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლები განსაკუთრებით დაზიანდა, უზრუნველყოფილია დროებითი თავშესაფრით. 15 ოჯახს, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც ნაკლებად დაზიანებულია, მიეცა რეკომენდაცია, დროებით დატოვონ საცხოვრებელი ადგილები. საგანგებო შტაბის სხდომაზე მოისმინეს გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომლის თანახმად, რეგიონში ღამის 12 საათიდან ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
24 სექტემბერს, 04:00 საათიდან 16:00 საათამდე მოიმატებს ნალექი, რომლის მაჩვენებელი 100 მმ-ს მიაღწევს. მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი. მიღებულია ზომები შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად. შექმნილია მობილური სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე, საპატრულო, სამაშველო, სახანძრო, სასწრაფო დახმარების სამსახურები შედიან. ყველა ჯგუფისთვის გამოყოფილია შესაბამისი ტექნიკა და სატუმბი აღჭურვილობა. პრევენციული ზომები მიღებულია ელექტრომომარაგების ობიექტებზეც. მობილიზებულია ტექნიკა, რათა ოპერატიულად მოხდეს წყლის დაცლა, არხების გასუფთავება. შტორმის შემთხვევაში, სანაპირო ზოლს დამატებითი ტექნიკა მოემსახურება. საჭირო ტექნიკა მობილიზებულია გურიისა და იმერეთის რეგიონებშიც. საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი აჭარაში გადატანა. საგანგებო შტაბი მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციები. რეგიონში ამოქმედდა აჭარის მთავრობის „ცხელი ხაზი“, რომელიც მყისიერად მიაწვდის ინფორმაციას საგანგებო შტაბს და სამაშველო ჯგუფებს. „ცხელი ხაზის“ ნომერია: 4 22 27 20 01. 18:00 საათზე საგანგებო შტაბში მორიგი ოპერატიული თათბირი გაიმართება“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები