დიმიტრი ხუნდაძე: არ შეიძლება პატიმარი თავის ნებაზე გადაადგილდებოდეს

  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან პატიმრის გაქცევა ძალიან ცუდი ფაქტია, თუმცა მისივე თქმით, შედარება უნდა გავაკეთოთ იმასთან, რაც ორი წლის წინ იყო.
„ძალიან ცუდი ფაქტია, არ შეიძლება პატიმარი თავის ნებაზე გადაადგილდებოდეს. ბადრაგიც დაიკითხება ალბათ და შესაბამისი ორგანოები მოქმედებს ჩაატარებენ. სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარების დამძიმებაზე საუბარი მე ვფიქრობ, რომ გადაჭარბებული იქნება, რადგან შედარება უნდა გავაკეთოთ იმასთან, რაც ორი წლის წინ იყო. 2012 წლამდე პატიმართა რაოდენობა 3-დან 25 ათასამდე გაიზარდა“, – განაცხადა ხუნდაძემ.
გეგუთის N 14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულმა რუსლან გენოს ძე სოსელიამ (დაბადებული 16.06.1980 ), რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილი იყო ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, 21 სექტემბერს, გამთენიისას მოახერხა საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაქცევა. წინასწარი ინფორმაციით, მსჯავრდებული საავადმყოფოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ამ დროისათვის გაქცეული პატიმრის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს 2009 წლიდან იხდის, ქრონიკული ავადმყოფია, რის გამოც პერიოდულად გადაჰყავდათ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მას შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები