არჩილ ხაბაძემ აჭარაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა

   აჭარის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეგიონში ვითარება მძიმეა.
“მსურს გაგაცნოთ ბოლო ინფორმაცია აჭარაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. გუშინ ღამით ძლიერი წვიმა და 4-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ზიანი მიადგა სამ მუნიციპალიტეტს – ბათუმს, ქობულეთს და ხელვაჩაურს. ქედაში, შუახევსა და ხულოში სტაბილური მდგომარეობაა.
რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, ქობულეთს შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია; ბათუმში გათიშულია 7 000 აბონენტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დენი არ მიეწოდება 1790 აბონენტს. გადაუღებელი წვიმების გამო ვერ ხერხდება სამუშაო ჯგუფების მიერ შესაბამისი სამუშაოების შესრულება. გამოდარებისთანავე სპეციალისტების დაიწყებენ ელექტროენერგიის ჩართვას.
ამ დროისათვის ბათუმში წყალი არ მიეწოდება ძველი ქსელის აბონენტებს – ე.წ ბენზეს, ბონის, გოროდოკის და ბარცხანის დასახლებებს. წყლის სათავე-ნაგებობებში წყალი ამღვრეულია და სარეზერვო ფონდიდან წყლით მარაგდება ქალაქის მხოლოდ ცენტრალური ნაწილი.
წყალთან დაკავშირებით პრობლემებია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ ახალშენში დაზიანდა წყლის მილები და წყალი არ მიეწოდება თემის გარკვეულ ნაწილს. წყლის მიწოდება დასტაბილურდება ამინდის ამინდის გაუმჯობესებისთანავე.
უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქ. ბათუმის ჭაობისა, ბონი-გოროდოკის, აღამაშენებლისა და მახინჯაურის დასახლებებში მდებარე საცხოვრებელი სახლები, ასევე დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ქუჩები.
გამოდარებისთანავე მოხდება ქალაქის ქუჩების და სახლების სარდაფების წყლისგან გათავისუფლება.
ხელვაჩაურში, ზედა სამებაში, მეშვიდე რაიონსა და ჩაქვისთავში გზაზე ჩამოწვა მეწყერი, ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ჩაისუბანში ხიდია ჩავარდნილი და ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა.
მძიმე ვითარებაა ორთაბათუმის თემში, ახალშენში, მახინჯაურსა და სარფში. წყალი შეუვარდა მოსახლეობას, იყო მეწყერული მოვლენები. გზა არის გადაკეტილი ახალშენში ე.წ. ტაშხანას მიმართულებით, მუნიციპალიტეტის ტექნიკა მობილიზებულია და გზა იწმინდება.
რეგიონის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულება შეუფერხებლად ფუნქციონირებს. არ არის დაზიანებული არც ერთი სკოლა, შესაბამისად, ხვლიდან ყველა მათგანში სწავლის პროცესი განახლდება.
სწრაფი რეაგირების ჯგუფები ბათუმსა და დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. ამჟამადაც მობილიზებულია ბათუმის მერიის და სხვა მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, აჭარის საგზაო დეპარტამენტი, შსს-ს სამაშველო დეპარტამენტი, სამაშველო სააგენტო, საპატრულო სამსახურები, პოლიციის დანაყოფები, სახანძრო-სამაშველო სამსახურები.
მთავრობაში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მონიტორინგს გაუწევს და ზარალს დაითვლის. ასევე ბათუმის მერიასა და მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი 27 20 06, 27 26 06, 27 26 25. აქ შემოსულ ზარებზეც მოხდება დროული რეაგირება”, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები