დღეს მშვიდობის საერთაშორისო დღეა

  დღეს მშვიდობის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულს საქართველოს სახალხო დამცველი და მისი აპარატი უერთდება და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის მონიტორინგი და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს. მშვიდობა ყოველთვის აქტუალური თემა იყო ჩვენი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის. დღემდე მტკივნეულ საკითხად რჩება მოუგვარებელი კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე შეეწირა და რომელმაც მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესს. ნათელია, რომ მხოლოდ ომისგან თავისუფალ გარემოშია შესაძლებელი მდგრადი განვითარების მიღწევა, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვაზე, სოციალურ კეთილდღეობაზე, თანასწორობასა და ეკონომიკურ აღმავლობაზე. დიახ, მშვიდობა ჩვენი უფლება და ხელისუფლების ვალდებულებაა. მშვიდობა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება, როგორც ხელისუფლებისაგან, ისე საზოგადოებისაგან დაუღალავ შრომას, თანმიმდევრობას, მოქნილობას, მიმტევებლობასა და მშვიდობის იდეის ერთგულებას მოითხოვს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და დე ფაქტო მთავრობებს სოხუმში და ცხინვალში, შეუერთდნენ დღევანდელ დღეს, ძალისხმევა არ დაიშურონ, რათა მოლაპარაკებების დროს ადამიანის უფლებები და მოქალაქეების კეთილდღეობა პოლიტიკურ უთანხმოებაზე პრიორიტეტული გახდეს და უერთგულონ მშვიდობის იდეას”, – ნათქვამია განცხადებაში.
მშვიდობის საერთაშორის დღის აღსანიშნავად, 21-26 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებათა სახლსა და მის წევრ ორგანიზაციებთან ერთად მშვიდობის კვირეულს მასპინძლობს.
გაეროს გენერალური ასამბლეის 1981 წლის 36/67 რეზოლუციამ საფუძველი ჩაუყარა მშვიდობის დღეს, რომლის მიზანიც მშვიდობის იდეის მხარდაჭერაა. წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის ხალხთა მშვიდობის უფლების შესახებ დეკლარაციის 30 წლის იუბილეა და წლევანდელი სამშვიდობო გზავნილიც შესაბამისია – “მშვიდობა ჩვენი უფლებაა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები