თბილისის ზოოპარკში სპილოს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდება

თბილისის ზოოპარკის ბინადარი სპილო გრანდი მსოფლიოში ცნობილი სტომატოლოგის პაციენტი გახდება. ზოოპარკის პრესსამსახურის ცნობით, სპილო გრანდს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდება. ოპერაცია 18 სექტემბერს არის დაგეგმილი, რის გამოც თბილისში მსოფლიოში ცნობილი სტომატოლოგი პეტერ კერტესი ჩამოდის.
„სპილო გრანდს ეშვები აქვს მოტეხილი, თანაც ყბის ძვალთან იმდენად ახლოს, რომ ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება დაუშვებელია. ორგანიზმში მუდმივი ანთებითი კერის არსებობამ, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მისი დაღუპვა გამოიწვიოს; ამიტომაც სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა.
ექიმი პეტერ კერტესი ლონდონის ცენტრში არსებული პრესტიჟული სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელი და, ამასთან, ცხოველების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტომატოლოგია. მას სპილოების ეშვების ამოღების ასამდე ოპერაცია აქვს ჩატარებული“, – აღნიშნულია ზოოპარკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, გრანდის ოპერაციისთვის ექიმი თბილისს 3 ასისტენტთან ერთად ესტუმრება. როგორც ზოოპარკის პრესსამსახურში აცხადებენ, შთამბეჭდავად გამოიყურება ქირურგიული მანიპულაციებისთვის აუცილებელი სპეციალური აღჭურვილობა: სხვადასხვაგვარი ინსტრუმენტებით სავსე 15 ყუთი, რომელიც, საერთო ჯამში, დაახლოებით 400 კილოგრამს იწონის. თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) წევრობის კანდიდატია, ამიტომ ოპერაციისთვის თბილისში ჩამოვა EAZA-ს წარმომადგენელი მარიო ჰოედმეკერი, თბილისის ზოოპარკის ზედამხედველი და მენტორი. ოპერაციას ერევნის ზოოპარკის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, არსებობს შემთხვევები, როდესაც ოპერაციის შემდეგ ვეღარ ხერხდება სპილოს ანესთეზიიდან გამოყვანა და ცხოველი იღუპება. „ეშვების ამოღების ოპერაცია მეტად სერიოზული და დაძაბული პროცესია, რომელიც ათეულობით ადამიანის ძალისხმევას მოითხოვს. ერთი ეშვის მოშორებას რამდენიმე საათი სჭირდება, ასეთი დიდი ცხოველის ანესთეზიის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნა კი ძალზე სარისკოა. არსებობს შემთხვევები, როდესაც ოპერაციის შემდეგ ვეღარ ხერხდება სპილოს ანესთეზიიდან გამოყვანა და ცხოველი იღუპება. იმედია ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდება და ეს ურთულესი ოპერაცია გართულებების გარეშე ჩაივლის“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. თბილისის ზოოპარკს ამ პროექტის განცხორციელებაში მხარში ამოუდგნენ პარტნიორი კომპანიები: სპილოს ერევნიდან თბილისში ტრანსპორტირების ამოცანა კომპანია DHL-მა ითავა, კომპანია „ავერსმა“ კი ზოოპარკი ოპერაციისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყო. შეგახსენებთ, რომ 18 წლის აზიური მამრი სპილო გრანდი ერევნის ზოოპარკიდან 12 ივნისს ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები