“ნაციონალურ მოძრაობას” უნდა შექმნას ფონი, რომ ყველაფერი ინგრევა”

უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი “კვირას” სთან ქვეყანაში მიმდინარე კრიმინოგენულ სიცუაციის თემას ეხმაურება. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ შექმნილი ნეგატიური ფონი, “ნაციონალური მოძრაობის” ფარულ შეხვედრებთან ასოცირდება, რომლებიც თავისივე დაარსებული მედიასაშუალებებით ცდილობენ ქვეყანაში შექმნან დესტაბილიზაციის წინაპირობა.
“მათ სურთ, რომ შექმნან ფონი, თითქოს ყველაფერი ინგრევა, თითქოს ქვეყანას ჰყავს უნიათო მთავრობა, რომელიც წინასაარჩევნო დაპირებებს ვერ ასრულებს. პოლიტიკურად აქტიური ცხოვრების ფონზე, მოსახლეობა აანალიზებს, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება და კიევის და სარფის შეხვედრები ამ სქემის ამოქმედების ნათელი მაგალითებია. მოვლენებს თუ თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ ნებისმიერი მათი პარტიული შეკრების შემდეგ ქვეყანაში იწყება ქაოსი. ამდენი მკვლელობები, ყაჩაღობები, გაუპატიურებები, ნუთუ ასე, ერთი ხელის მოსმით შეიძლება რომ ეს ყოველივე გააქტიურდეს? მეეჭვება, რომ განშორების მონატრებით დაეგეგმათ პარტიული შეხვედრები. მიმაჩნია, რომ სწორედ ამ დროს მუშავდებოდა ის სქემები, რომლებიც განპირობებული იყო ქვეყნანაში არეული ფონის შექმნისთვის, რომელიც შემდგომში საზოგადოებაში დათესავდა პანიკას. მიხეილ სააკაშვილმა, როგორც „პიარშიკმა“ ზუსტად იცის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი გზა „გაპარტახებული“ საქართველოს იმიჯის შექმნაა, რომელიც მსოფლიოს და პირველ რიგში ქართულ მოსახლეობას უნდა დაანახოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შექმნას ნეგატიური ფონი, თითქოს ყველაფერი ინგრევა, თითქოს კრიმინალი იზრდება, თითქოს ეკონომიკა უარესდება. მათ მიერ შემუშავებულ მზაკვრულ გეგმებს, ასევე ხელს უწყობს ხელისუფლემის მიერ დემოკრატიის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი – მედია-თავისუფლება.
ვფიქრობ, დღეს რომ “ნაციონალური მოძრაობა” იყოს ხელისუფლებაში “რუსთავი 2″-ს არამც თუ საინფორმაციო ბადის გაშვების უფლებას მიცემდნენ, არამედ თვითონ არხის მაუწყებლობას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდნენ და ამის ნათელი მაგალითია ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც მხოლოდ იმიტომ დაარბიეს, რომ საზოგადოებაში სწორი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობდა. ფაქტია, რომ ისინი დღემდე ვერ ეგუებიან დაკავებული თანამდებობების და ცხრა წლიანი მმართველობის დროს დაგროვებული ქონების დაკარგვას და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა გავლენა და ძალაუფლება უკან დაიბრუნონ.

საკმარისია უახლოეს ერთ წელიწადს გადავავლოთ თვალი და დავინახავთ, რომ ისინი საკუთარი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად თავიანთი გუნდის წევრებსაც კი წირავენ, საკუთარი „ტყავის” გადასარჩენად. მე პირადად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მიჩნდება კითხვა: რატომ არ შეიძლება, რომ ქვეყანაში შექმნილი დესტაბილიზაციის ფონი მათ მიერ შემუშავებული გეგმის ნაწილი იყოს? რატომღაც იმაზე არავინ არ საუბრობს, რომ საქართველოში პირველად ჩატარდა დემოკრატიუილი გზით არჩევნები და ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი იყო; რეფორმა, რომელიც ძალოვანმა უწყებებმა განახორციელეს და დღეს პოლიცია თითქმის დეპოლიტიზირებულია; მოსმენები, რომელიც აღარ ხორციელდება; ადამიანებს საძინებლებში აღარ უღებენ და ინტიმური კადრებით აღარ აშანტაჟებენ; პატიმრების გათავისუფლება, რომელიც ჩემი აზრით ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ ჰუმანური ნაბიჯი იყო; აღარ საუბრობენ საყოველთაო დაზღვევაზე, რომლითაც მოსახლეობას ექიმთან მისვლის აღარ ეშინია; რატომღაც გვიჭირს, რომ ვისაუბროთ სასამართლო დამოუკიდებლობაზე; მედია თავისუფლებაზე; მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე, რომელიც განხორციელდა პროექტ „აწარმოე საქართველო“-ს ფარგლებში. აღარავინ საუბრობს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების და იმ ღირსების დაბრუნებაზე, რომელიც დაკარგული იყო. რომელი ერთი ჩამოვთვალო? მე არ ვამბობ, რომ ეს საკმარისია პირიქით, სახელმწიფომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, მაგრამ იმ ე.წ. შეთქმულებების და ფარული შეხვედრების ფონზე, მიმაჩნია, რომ დღეს საკმაოდ ნორმალური ნაბიჯებით ვითარდება საქართველო”, – განუცხადა “კვირას” გურამ ადამაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები