ოთარ დანელია თურქეთის ელჩს საქართველოში შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე ლევენთ გუმრუქჩუმ ოთარ დანელიას მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ელჩმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით უკვე არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. მათივე ინფორმაციით, ოთარ დანელიამ ელჩს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვა და პრიორიტეტები გააცნო. მინისტრმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით სამინისტრო დარგის განვითარების მიმართულებით ახორციელებს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. სწორედ ახლა, როდესაც ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ქართულ პროდუქციას საშუალებას აძლევს გავიდეს ევროპულ ბაზარზე, იმ ქვეყანასთან თანამშრომლობა, რომელიც საკუთარი პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახორციელებს, ძალიან მნიშვნელოვანია; მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რაც თურქეთს აგრარულ სფეროში ევროპული სტანდარტებისა და მიდგომების დანერგვის მიმართულებით გააჩნია“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ბიზნესფორუმის ორგანიზებასა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების შემუშავებას.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს ხანში დაიგეგმება თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები