ექსკლუზივი: მესტიაში 24 წლის რუსი ტურისტი გარდაიცვალა (ვიდეო)

უბედური შემთხვევა სვანეთში. ჰადიშთან ახლოს ტურისტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი სანკტ-პეტერბურგში მცხოვრები 24 წლის სტანისლავ ბელია. შემთხვევა გუშინ ღამის 12 საათისთვის მოხდა. 7 რუსი ტურისტი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახიდან ხადიშიკენ მიდიოდა. ტურისტების ჯგუფს გზაში შემოაღამდათ და კარავი გაშალეს. სტანისლავ ბელი წყლის დასალევად ჩავიდა, ღელეში მას ფეხი აუსრიალდა და ქვას საფეთქელი დაარტყა. ახალგაზრდა მამაკაცი მისმა მეგობრებმა 40 წუთის შემდეგ უკვე გარდაცვლილი იპოვეს. ტურისტებმა ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს. თვითმხილველებმა  შემთხვევის ადგილიდან „კვირას“ ექსკლუზიური კადრები მიაწოდეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის, სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა გიორგი ძაგნიძემ განუცხადა, ადგილზე მისულ სამაშველო ბრიგადის თანამშრომლებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
„გუშინ, საღამოს საათებში შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება. მესტიის ქვეგანყოფილების თანამშრომლები შემთხვევის ადგილას გავიდნენ, სადაც მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილი სანქტ-პეტერბურგში მცხოვრები სტანისლავ ბელი აღმოჩნდა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, 7- კაციანი ტურისტული ჯგუფის წევრები სოფელი ხადიშის მიმართულებით მიემართებოდნენ. სტანისლავ ბელი წყლის დასალევად გავიდა,  ფეხი აუსრიალდა და ვარდნისას ქვაზე საფეთქელი დაარტყა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა“, – აღნიშნა ძაგნიძემ.
მისი თქმით, მამაკაცის ცხედარი მესტიის რაიონის საავადმყოფოში გადაასვენეს. ძაგნიძის ინფორმაციით, ტურისტული ჯგუფის დანარჩენი წევრები უკრაინის მოქალაქეები არიან.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სტანისლავ ბელის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით საქმე აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=sp9M0qM7I7o&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები