“დაიცავი კონსტიტუცია”- ში შემავალი პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმის დაწყების პირველივე დღეებიდან მმართველმა პარტიამ იზოლაციონისტური მიდგომა აირჩია, რაც თავდაპირველად საქართველოს პრეზიდენტის ფორმატს მიღმა დატოვებაში, შემდგომ პოლიტიკური ოპოზიციის ძირითად ინიციატივათა და შენიშვნათა სრულ იგნორირებაში, საბოლოოდ კი, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციათა უგულებელყოფაში გამოიხატა. სახელისუფლო პარტია შეეცადა პროცესიდან გაეთიშა ყველა მოთამაშე, რომელიც განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებდა და დოკუმენტის იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით გამართვის საბაბით გვერდი აეარა ყველაზე მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ასპექტის – საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსისათვის. მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ პოლიტიკური ოპოზიციისათვის რეფორმის პროცესში თანამონაწილეობა შეუძლებელი გახადა. საკონსტიტუციო რეფორმის სახელით კონსტიტუციურ ორგანოებსა და სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ინსტიტუტებზე ღია იერიშის გამო სახეზეა სრული კონსენსუსი, კონსტიტუციის სახელისუფლო პროექტის წინააღმდეგ.
ხელისუფლებამ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი  ჩიხში შეიყვანა, რაც მუდმივი პოლიტიკური რყევებისა და დესტაბილიზაციის საწინდარია. პოლიტიკური ოპოზიცია, სამოქალაქო ორგანიზაციების, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა და საერთაშორისო თანამეგობრობა უპირისპირდება ხელისუფლების მიერ წარმოებულ  კონსტუტუციური ცვლილებების პროცესსა და მის რეზულტატს –  თავსმოხვეულ პროექტს, რადგან ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ოპოზიციური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების მრავალი მოწოდების მიუხედავად, ქართული ოცნების ხელისუფლება არ აღმოჩნდა მზად, პროცესი ცივილიზებულად, კონსტრუქციულად და დემოკრატიულად წარემართა.
ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული და კონსტიტუციური საფუძვლების დაცვისა და შენარჩუნებისათვის, კონსტიტუციის, როგორც შეთანხმებულ ღირებულებათა ერთობლიობის, პოლიტიკური წესრიგის გარანტიისა და საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტად ქცევისათვის, კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ხელისუფლებას, გვერდით გადავდოთ პირადი და პარტიული ინტერესები, ხელისუფლების უზურპაციის სურვილი და ქვეყნის უვადოდ მართვისადმი მისწრაფება. აუცილებელია, პროცესი დაიწყოს თავიდან, რათა ის წარიმართოს აუჩქარებლად, გამჭვირვალედ და ჩართულობის მაღალი ხარისხით, როგორც ეს კონსტიტუციის შემუშავების მსოფლიო დემოკრატიულ ტრადიციას, პრაქტიკასა და ნორმებს შეესაბამება, რათა ხელისუფლების მიტაცების მუდმივი მცდელობების ნაცვლად,  შედეგად მივიღოთ ტრადიციად ქცეული თავისუფლება თავისი ინსტიტუციონალური და დემოკრატიული გარანტიებით.  მოგიწოდებთ, გამოვიყვანოთ ქვეყანა ხელისუფლების მიერ შექმნილი ჩიხური ვითარებიდან პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსულტაციების გზით, რადგან კონსტიტუცია არა მხოლოდ მშრალ იურიდიულ-ტექნიკურ დოკუმენტს, არამედ ქართველი ერის უზენაეს ღირებულებათა და ისტორიულ მისწრაფებათა ერთობლიობას წარმოადგენს.
სწორედ ეს ღირებულებრივი მიდგომები განაპირობებს კონსტიტუციის და სახელმწიფოს შესახებ საყოველთაო სახალხო შეთანხმებას. კონსტიტუციის ცალკეული ნაწილები არ უნდა არღვევდეს მის სადამფუძნებლო ხასიათს. ამიტომაც, ყველა ცალკე აღებული საკითხის შესახებ მსჯელობა იქნება არა გზა შეთანხმებისაკენ, არამედ კონსესუსის იმიტაცია, რაც შედეგად ვერ მოგვცემს დემოკრატიული ტრადიციების თავისუფალ სახელმწიფოს და უკეთეს პოლიტიკურ სისტემას

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები