იაშარ უსუპოვის პირველი კომენტარი სააკაშვილის დაკითხვაზე

„თუ სააკაშვილი არ ჩამოვიდა, მაშინ მისი ხელი ურევია ამ მკვლელობაში“

 

თუ ექსპრეზიდენტი პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა, მაშინ ეს ეჭვს უფრო გაამძაფრებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ჟვანიასა და ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა, – ამის შესახებ „კვირას“ იაშარ უსუპოვმა განუცხადა. მისი თქმით, გამოძიებას მიხეილ სააკაშვილთან კონკრეტული შეკითხვები აქვს, რასაც პასუხი უნდა გასცეს.
„მიხეილ სააკაშვილის ნებაზე არ არის, ჩამოვა თუ არ ჩამოვა, გამოძიებას აქვს კითხვები. თუ ის მართალია, უნდა ჩამოვიდეს და დაკითხვაზე გამოცხადდეს, თუ არ ჩამოვა, მაშინ ამ მკვლელობაში მისი ხელი ურევია. დღეს უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ზურაბ ჟვანია და ჩემი შვილი მოკლეს. საპარლამენტო არჩევნების ღამესვე რომ გაიქცა ზურა ადეიშვილი საქართველოდან, სად გარბოდა? მათ იმდენი დანაშაული ჩაიდინეს, რომ თავის არიდების გამო გაიქცნენ საქართველოდან. ზურა ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი ამ საქმეს მარტო ვერ ჩაიდენდნენ, მათ გამოძიება არასწორად წარმართეს. ამიტომ თუ არ ჩამოვიდა, მაშინ პასუხისმგებლობას გაურბის და ეჭვი აღარავის ექნება, რომ მისი ხელიც ურევია ამ მკვლელობაში“, – აღნიშნა იაშარ უსუპოვმა.
მისი თქმით, ის სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძოლებს და მზად არის ექსჰუმაციასაც დათანხმდეს. „ჩემი შვილის სახელი ყველაფერს მირჩევნია, სიმართლის დასადგენად თუ გამოძიება მოითხოვს, ყველაფერზე წამსვლელი ვარ, მზად ვარ ექსჰუმაციასაც დავთანხმდე. სიმართლე ბოლომდე უნდა გაირკვეს“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას იაშარ უსუპოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები