იური ვაზაგაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დილიდან განახლდა

იური ვაზაგაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დღეს დილიდან განახლდა.
პროკურატურაში ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი და დამოუკიდებელი ექსპერტი იმყოფებოდნენ. ისინი ვაზაგაშვილის კუთვნილი მანქანის დალუქვის პროცესს დაესწრნენ.
ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პირველადი შედეგებით მომხდარი შეიძლება მკვლელობად შეფასდეს.
“შემთხვევის ადგილი დათვალიერებული იქნა ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედება.ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბატონი იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს მისი საკუთარი შვილის საფლავზე. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი დაილუქა და ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება,” – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
პროკურატურაში შესვლამდე პირველი კომენტარი გააკეთა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ზაზა ალთუნაშვილმა, რომლის შეფასებით, წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა მკვლელობაზე მიუთითებს. “გარდაცვლილი გადასვენებულია პროზექტურაში, მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. დღესდღეობით, გამოკვეთილი ბოლომდე არ არის სურათი, მაგრამ წინასწარი კვლევის შედეგებზე შეიძლება რაღაც წარმოდგენა გვქონდეს,” – განაცხადა ექსპერტმა.
ექპერტმა და ადვოკატმა პროკურატურა უკვე დატოვეს. იური ვაგაზაშვილი გუშინ კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა. აფეთქება სწორედ იმ დროს მოხდა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები