30 წელს გადაცილებული ადამიანების პერსპექტივები საქართველოს შრომის ბაზარზე

”სწავლა სიცოცხლის ბოლომდე”, – საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მესიჯია. 2005 წელს ბერგენის სამიტზე, ბოლონიის დეკლარაციის ხელმოწერით, საქართველოს განათლების სამინისტრომ მისი ძირითადი პრინციპების იმპლემენტაციასაც მოაწერა ხელი. შესაბამისად, ლოზუნგი – ”სწავლა სიცოცხლის ბოლომდე” (Lifelong learining) საქართველოს განათლების სისტემის ერთ-ერთი ლოზუნგიც გახდა.
ბოლონიის სისტემაზე გადასვლას რეფორმების გატარება, მართლაც, მოჰყვა. ჯერ ეროვნული გამოცდები დაინერგა. შემდეგ უმაღლესი განათლების სისტემის სამსაფეხურიანი პროცესი. ბოლოს კი ისიც გადაწყდა, რომ სავალდებულო კლასების რაოდენობა 12 -მდე უნდა გაზრდილიყო.
2 -წლიანი მაგისტრატურა, 4 -წლიანი ბაკალავრიატი და 3- წლიანი დოქტორანტურა. თუ ამას ყველაფერს სკოლაში გატარებულ 18 წელსაც დავუმატებთ, გამოდის, რომ სრულფასოვანი განათლებისთვის ადამიანს 27 წელი ესაჭიროება. პლიუს- მინუს რამდენიმე წელი კი უკვე კრიტიკული 30-ია, რომლის შემდეგაც სამსახურის პოვნა საქართველოში არც ისე იოლია.
31 წლის თათია, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტია. ის შიშობს, რომ საოცნებო დიპლომის აღების შემდეგ უკვე გვიანი იქნება და სამსახურს ვეღარ იპოვის.
“დავიწყოთ იქიდან, რომ ნახევარგანაკვეთიანი სამსახურის პოვნა საქართველოში ძალიან რთულია. მართალია, სარეკლამო სააგენტოები სიხარულით ღებულობენ პრომო გოგონებს, მაგრამ მე პირადად ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას მხოლოდ 5 ლარს მიხდიდნენ. გზის ფულს არ მინაზღაურებდნენ. როდესაც ღამის ცვლაში ვიყავი, სახლში ტაქსით მიწევდა მოსვლა და მთლიან ხელფასს მძღოლს ვუტოვებდი. ახლა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვარ. მომწონს ჩემი პროფესია და მინდა კარგი იურისტი გავხდე, მაგრამ სადაც პროფესიით დასაქმება მოვინდომე, ყველგან მაგისტრის დიპლომი მომთხოვეს. მომავალ წელს ეს დიპლომიც მექნება, მაგრამ მერე უკვე გამოცდილებას მომთხოვენ, რომლის დაგროვებაც მანამდე ვერ მოვასწარი, არადა უკვე 31 წლის ვარ.”
33 წლის სალომე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებულია. თათიას მსგავსად, სამსახურის პოვნას ვერც ის ახერხებს.
„არ დამიჯერებთ, მაგრამ 10 წელია უმუშევარი ვარ. არავინ მღებულობს სამსახურში, ძალიან მინდა ჩემი პროფილით მუშაობა, მაგრამ, რეალობიდან გამომდინარე, ვხვდები, რომ ეს შეუძლებელია. ჩემი გამოცდილებით, იმისთვის, რომ დასაქმდე, ან “უგზო-უკვლოდ” განათლებული უნდა იყო, ან ”პატრონი” უნდა გყავდეს. “ჯიპიე” მაღალი მაქვს, 3.8, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ჩვენი დამსაქმებლები მხოლოდ ვუნდერკინდებს ეძებენ. მე დღემდე უმუშევარი ვარ, დიდი ენთუზიაზმით ვსწავლობ ყველაფერს, მაგრამ ხშირად მებადება შეკითხვა, რომელიც ყველაფრის სურვილს მიკლავს! – რისთვის ვსწავლობ, თუ ვერ დავსაქმდები?”,- ამბობს სალომე.
საინფორმაციო პორტალი „კვირა“ დაინტერესდა, თუ რა პოლიტიკა აქვთ დღეს შრომის ბაზარზე არსებულ დამსაქმებელ კომპანიებს და რა რაოდენობის ვაკანსიებს აცხადებენ ისინი დღიურად.
დასაქმების კომპანიების: Jobs.ge -ის, Hr.ge -ის და dasaqmeba.ge – ის მიერ15-16 იანვარს, ჯამში, 300-ზე მეტი ვაკანსია განთავსდა. დამსაქმებლების 90 % პოტენციურ თანამშრომლებს, მინიმუმ, ერთი უცხო ენის ცოდნას სთხოვს. 70 % – მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხის დიპლომს.75 % კი აუცილებელ მოთხოვნად ასაკს აყენებდა, რომელიც 20 და 30 წლამდე უნდა მერყეობდეს.
აღნიშნული კვლევის ჩატარების შემდეგ ასევე ნათელი გახდა, რომ დამსაქმებლების 70% უპირატესობას მდედრობით სქესს ანიჭებს. შესაბამისად, თეორია იმის შესახებ, რომ “საქართველოში, მამაკაცებისთვის სამსახურის პოვნა განსაკუთრებით რთულია”, არც ისე უსაფუძვლო აღმოჩნდა.
იმის გასარკვევად, თუ რამდენად ლეგიტიმურია დამსაქმებლების მიერ დაწესებული მოთხოვნები საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ პირობებში და შეუძლია თუ არა სახელმწიფოს აღნიშნული საკითხის რეგულირება,‘’კვირა’’ იურისტ ამირან გიგუაშვილს დაუკავშირდა.
– ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოში დამსაქმებლების დიდი ნაწილის მიერ დადგენილი ასაკობრივი ზღვარი 20-დან 30 წლამდე დისკრიმინაციულია და ადამიანი უფლებებს ლახავს?
„ახალგაზრდების დასაქმების ტენდენცია ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გატარებული იდეოლოგიიდან მომდინარეობს. მოგეხსენებათ, 2003-2004 წლებში მათ ერთი ხელის მოსმით მოიშორეს 40 წელს გადაცილებული ადამიანები, როდესაც უსარგებლო და სახელმწიფოსათვის არასაჭირო თანამშრომლებად ჩათვალეს. ეს პოლიტიკა მოგვიანებით კერძო სტრუქტურებმაც აიტაცა. ამდენი დაუსაქმებელი ადამიანი შრომით ბაზარზე ამიტომაც არის“.
გიგუაშვილის თქმით, თუ სამსახურის მაძიებელი დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა, მას შეუძლია სახალხო დამცველს მიმართოს და საკუთარი უფლების დაცვა მოითხოვოს.
“საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი და საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, ნებას რთავს მოქალაქეს, მიმართოს სახალხო დამცველს და მოითხოვოს საკუთარი უფლებების აღდგენა, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, ასეთ პრეცედენტს ჯერ ადგილი არ ჰქონია.”
-რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შრომის ბაზარზე არსებული რეგულაციები უფრო ლოიალური გახდეს და სამსახურის მაძიებლებს პრობლემები აღარ შეექმნათ?
– მე ვფიქრობ, დღევანდელი ხელისუფლება ძალიან კარგს იზამს, თუ საკანონმდებლო ინიციატივით შემოვა, რომელიც ადამიანების დისკრიმინაციას მათი ასაკის გამო გამორიცხავს. გარდა იმისა, რომ ილახება ადამიანების უფლებები, რეგულაცია ასაკობრივი ზღვარის შესახებ, კარგი კადრების შესარჩევად, საუკეთესო გზა არ არის. დღეს დასაქმებულ ახალგაზრდებს შორის ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც განათლების თვალსაზრისით სამაგალითონი არიან და ისეთებიც, ვინც განათლების ელემენტარულ კრიტერიუმებსაც ვერ აკმაყოფილებენ“, – ამბობს გიგუაშვილი.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი ეთანხმება გიგუაშვილის პოზიციას და ამბობს, რომ ასაკობრივი დიფერენცირება, მართლაც, რომ დისკრიმინაციულია.
„როდესაც საქართველოს პარლამენტში შრომის კოდექსს ამტკიცებდნენ, ჩვენ არაერთი შენიშვნა შევიტანეთ. მართალია, სამუშაო გრაფიკთან და ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნები გაითვალისწინეს, მაგრამ ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები მაინც დარჩა“.
-რატომ არ გაითვალისწინა მაშინ პარლამენტმა თქვენი მოთხოვნა?
„იმისათვის, რომ ინვერსტორები არ დაფრთხნენ, შრომის კოდექსს ნაკლები რეგულაცია უნდა ჰქონდესო. ჩვენთვის ეს გაუგებარია, მაგრამ გარკვეული ბერკეტები პროფკავშირებს მაინც აქვს. საქართველოს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში, რიგი ვალდებულებები გააჩნია. ჩვენმა ქვეყანამ არსებული შრომითი ბაზრის რეგულაციები, ევროკავშირის, შრომის საერთაშორისო კონვენციის, ევროპის შრომის ქარტიის რეგულაციებთან თანხვედრაში უნდა მოიყვანოს. სწორედ ეს არის ბერკეტი, რომლითაც ჩვენ, მთავრობაზე გარკვეული ზეწოლის მოხდენა შეგვიძლია“.
-რა არის პირველ რიგში გასაკეთებელი?
„ჩვენს ქვეყანაში არ არის შრომის ინპექცია. არადა შრომის ინსპექტორები შრომის კანონმდებლობის დაცვას და დამსაქმებლების მხრიდან საჭირო ნორმების შესრულებას გააკონტროლებდნენ და დაუსაქმებელ ადამიანებს შესაძლებლობების გამოვლენის მეტ პერსპექტივებს მისცემდნენ“.

ნინი ჯაფარიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები