თენგიზ ფხალაძე რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმებას საქართველოსთვის საფრთხედ მიიჩნევს

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება“ საქართველოსთვის საფრთხეების შემცველია. მისი თქმით, ხელშეკრულების ტექსტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.
„მიუხედავად იმისა, რომ აქ არის გარკვეული განსხვავება კონკრეტულად ყირიმის სცენართან შედარებით, იმ კუთხით, რომ ატრიბუტები ე.წ. სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებულია, რეალურად ეს არ ცვლის შინაარსს, იმიტომ, რომ აქ არის საუბარი, ფაქტობრივად, ერთიან შეიარაღებულ ძალებზე, ერთიან თავდაცვაზე, ერთიან საფინანსო და საბაჟო ინსტიტუტებზე, რაც პრინციპში, შესაძლებელია, რომ შეფასდეს, როგორც საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ხელყოფისა და მცოცავი ოკუპაციის ნაირსახეობა “, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი საბოლოოდ პარლამენტმა, როგორც საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელმა ორგანომ უნდა შეაფასოს და, აქედან გამომდინარე, უნდა დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები.
„იმ რეალობაში, როდესაც ასე დრამატულად იცვლება უსაფრთხოების გარემო, მნიშვნელოვანია, რომ პარალამენტმა ჯერ მიმდინარე პროცესები შეაფასოს და შემდეგ შეიმუშაოს ზოგადი ხედვები, რომლის იმპლემენტაციაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოხდება “, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ შეთანხმების პროექტს განიხილავენ. შეთანხმების პროექტის მე-5 მუხლი ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზეთს შორის „გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას აგრესიის მოსაგერიებლად გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად და ამ დაჯგუფების სამმართველოს ფორმირებას“.
გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს საერთო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივ მოქმედებებს აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ერთიანი სოციალური და ეკონომიკური, საერთო კულტურული და ჰუმანიტარული სივრცეების შექმნას.
ამავე პროექტით რუსეთი ყოველმხრივ ხელს შეუწყობს აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების უზრუნველყოფას, მათ შორის იმ სახელმწიფოების წრის გაფართოებას, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ასევე, შექმნის წინაპირობას აფხაზეთის საერთაშორისო ორგანიზაციებში გასაწევრიანებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები