წყნეთის გზატკეცილის N49 ბ-ს მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, წყნეთის გზატკეცილის N49 ბ-ს მიმდებარედ ახალი დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო.

პროექტის შედეგად, 1 200 კვ. მ ფართობზე ბავშვთა-გასართობი ზონა სხვადასხვა ატრაქციონით განთავსდა, დამონტაჟდა სხვა საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო სარბენი ბილიკი, კომბინირებული სპორტული მოედანი, ასევე დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები, განათების ბოძები. პროექტის დასკვნით ეტაპზე სკვერი გამწვანდა. დასრულებულ კეთილმოწყობილ სივრცეში ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.

„დავასრულეთ კიდევ ერთი დასასვენებელი და სპორტული სივრცის მოწყობა. ამ ადგილას არ არსებობდა არც სკვერი, არც სტადიონი. ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგვმართა თხოვნით, რომ მოგვეწყო დასასვენებელი სივრცე. შესაბამისად, როდესაც მოხერხდა ამ პროექტის დაგეგმვა, დავიწყეთ სამუშაოები. შედეგად, კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური, გამწვანებული სივრცე მივიღეთ, სადაც სპორტული აქტივობაც, დასვენებაც და ბავშვების გართობაც არის შესაძლებელი“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

სამუშაოების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 346 000 ლარი გამოიყო. პროექტი, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითიმ“ აწარმოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები