თბილისის მერია, სტუდენტების ინიციატივით, ხუდადოვის ტყის გაჯანსაღება-მოწესრიგების პროექტს განახორციელებს

თბილისის მერიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მათი ხელმძღვანელის განცხადება შემოვიდა, რომელიც ხუდადოვის ტყის გაჯანსაღება-მოწესრიგებას გულისხმობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია მზადაა, აღნიშნული ინიციატივა მიიღოს და სტუდენტებთან ერთად, აღნიშნული პროექტი განახორციელოს.

„თბილისის მერიაში შემოსულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების ერთობლივი განცხადება, რომელსაც ასევე, ხელს აწერს მათი ხელმძღვანელი და თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი – მერაბ ბოლქვაძე. წარმოდგენილია ინიციატივა ხუდადოვის ტყის გაჯანსაღება-მოწესრიგებასთან დაკავშირებით, სადაც ახალგაზრდები გამოთქვამენ სურვილს, ჩაერთონ პროექტის კონცეპტუალურ გეგმარებაში. ეს პირადად ჩემთვის ძალიან ემოციური და სასიამოვნოა. ყოველთვის მივესალმებით მსგავს ინიციატივებს, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო დღეების განმავლობაში, თბილისის მერიაში შედგება შეხვედრა, რომელსაც სტუდენტებიც დასწრებიან.

„მინდა, სტუდენტებს დავუდასტურო ჩვენი მზაობა და მხარდაჭერა. პროცესში ჩვენი შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან, შედგება შეხვედრა და ერთად განვახორციელებთ ამ მნიშვნელოვან პროექტს. ახალგაზრდებო, დედაქალაქის მერი, მერია გიდასტურებთ სრულ თანადგომას. ჩემი თხოვნა იქნება, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში შედგეს შეხვედრა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან და ასევე, ამ ახალგაზრდებთან. ქალაქს უნდა ვაჩუქოთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი -ხუდადოვის ტყე-პარკის სახით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები