თბილისში „კრწანისობა 2022“ გაიმართა

თბილისში, 300 არაგველის სკვერის მიმდებარედ, კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, „კრწანისობა 2022“ გაიმართა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან, კრწანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან და საკრებულოს უმრავლესობის წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად, დაესწრო.
ღონისძიება, სადაც ძველი, ქართულ-კავკასიური საბრძოლო იარაღისა და ქართული სამოსის გამოფენა მოეწყო, ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ მეფე ერეკლე II-ისა და კრწანისის ბრძოლის შესახებ ლექციით გახსნა, რის შემდეგაც კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა. გარდა ამისა, ღონისძიების დასასრულს ანსამბლ „შვიდკაცასა“ და ფოლკლორულ ანსამბლ „თბილისის“ კონცერტი გაიმართა.
როგორც თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ განაცხადა, კრწანისელებისთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია და იგი ყოველწლიურად აღინიშნება.
„კრწანისის ბრძოლაში ჩვენ შესაძლოა დავმარცხდით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ბრძოლის შედეგად ჩვენ, როგორც ერი, გადავრჩით. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა და იმ დაღუპული მეომრებისთვის პატივის მიგება, რომლებიც სწორედ ამ ადგილას ჩვენი სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ“- განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.
„კრწანისობა 2022“ -ს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები