„თბილისობის“ კონცერტი გაუქმდა, მაგრამ საპატიო თბილისელების დაჯილდოება და საშემოდგომო ნობათით ვაჭრობა გაიმართება

თბილისის მერია საპატიო თბილისელებს წელსაც დააჯილდოებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2021 წლის „თბილისობის“ მუსიკალური წარმოდგენა 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო აღარ გაიმართება.

„მოგეხსენებათ, რომ, პანდემიის გამო, „თბილისობა“ სატელევიზიო ფორმატში, მუსიკალური წარმოდგენითა და საპატიო თბილისელის დაჯილდოებით აღინიშნებოდა, 200-ზე მეტი მუსიკოსისა და სოლო შემსრულებლის, ორი ორკესტრის, ბენდების, ანსამბლების, ტექნიკური და შემოქმედებითი ჯგუფის 100-მდე წევრის მონაწილეობით. ბათუმის ტრაგედიის შემდეგ, უარი ვთქვით „თბილისობის“ მუსიკალურ ნაწილზე და  პროექტისთვის გამოყოფილი თანხა დაღუპულთა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდში გადაირიცხება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 23-24 ოქტომბერს თბილისში საშემოდგომო ნობათის გარევაჭრობა გაიმართება.

„23-24 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საშემოდგომო ნობათს სოფლის მეურნეობის პროდუქციას  საქართველოს ყველა კუთხიდან. ამისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. აღნიშნულ დღეებში გარევაჭრობა ნებადართული იქნება ჩუღურეთში, მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე; სამგორში – ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრის ტერიტორია; გლდანში, ნოზაძის ქუჩაზე; დიდუბეში – სტანისლავსკის ქუჩაზე,  („დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია); დიღმის მასივში – პაიჭაძის ქუჩა N1-ში (სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე);  საბურთალოზე – სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ვაკეში – გეგეშიძის ბაღში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები