რა პროექტების განხორციელებას გეგმავს კახა კალაძე თბილისში გარემოს დაცვის კუთხით

თბილისის მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი, კახა კალაძე გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციას მართავს. მან პრეზენტაციაზე იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.

„თბილისი პარკების ქალაქი – რაც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო წლებში, ხალხი ამას მიესალმება, მაგრამ ცხადია, ეს საკმარისი არ არის. საჭიროა ახალი პარკების მშენებლობა და მოეწყობა 15 ახალი პარკი;

მწვანე ქალაქი – დედაქალაქში დაირგვება, მინიმუმ, 300 ათასი მწვანე ნარგავი. თქვენ იცით, რომ პარალელურად მიმდინარეობს ფიჭვების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქალაქისთვის. ფიჭვების ძალიან დიდი ნაწილი დაავადებული და გადამხმარია;

თბილისის ტყე გაშენდება 200 ჰექტარზე. ესეც ძალიან მაგარი პროექტია და მინდა, საქველმოქმედო ფონდს მადლობა გადავუხადო იმ აღდგენითი სამუშაოებისთვის, რასაც მთაწმინდის ფერდზე ახორციელებს;

გაამწვანე შენი უბანი – დამატებით გამწვანება ყველა ეზოს. შემოგვაქვს ახალი, საინტერესო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, კონკრეტულ უბნებში, კონკრეტულ კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს თავად ექნებათ შესაძლებლობა და ჩვენი მხრიდან იქნებიან წახალისებული – განაახლონ ხე-მცენარეები საკუთარ ეზოებში და მოსასვენებელ სივრცეებში.

სუფთა ჰაერი – ჰაერის მტვრით დაბინძურების შემცირება, მინიმუმ, 15%-ით. ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში, ეკოლოგიური მდგომარეობა, ქალაქის სისუფთავე გამოვასწორეთ, მაგრამ კიდევ გვაქვს რესურსი და მომდევნო წლების განმავლობაში, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ნარჩენების მართვა – ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემა ესეც ერთ-ერთი მსხვილი და მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჩვენ ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ ნარჩენების სეპარირებაზე. ამ მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯებიც უკვე გადადგმული გვაქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები