ევროპარლამენტარი: საქართველოს წარმატების მსურველებს სურთ ნახონ სწორ გზაზე მიმავალი საქართველო

ევროპელებს, საქართველოს გულშემატკივრებს და წარმატების მსურველებს სურთ ნახონ სწორ გზაზე მიმავალი საქართველო და როგორ იმუშავებს რეალურ ცხოვრებაში ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი არჩეულმა პარლამენტარებმა მოაწერეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტი მზად არის დახმარებისთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გაატარონ რეფორმები.

„ჩვენთვის ყველა ფორმატი მნიშვნელოვანია და ამიტომ ვმუშაობთ ჟან მონეს დიალოგზე, მაგრამ უმთავრესი მაინც პოლიტიკური ძალების მზაობა და ნებაა. საქართველოსთვის ახლა მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემის გაძლიერება და თანამშრომლობის ევროპული გზების გამოყენება. მნიშვნელოვანია ძალაუფლების გადანაწილება, კონსტრუქციულობა და ეს უნდა უზრუნველყოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით შედგენილმა და უკვე ხელმოწერილმა დოკუმენტმა. ეს უნდა იყოს დასაწყისი ცვლილებების, პოლარიზაციის დასასრულის. გამოცდილების გაზიარება და გამოყენება უმნიშვნელოვანესი იქნება და ფორმატები ამაში დაგვეხმარება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტესტი იქნება საქართველოსთვის. ყველამ ვნახეთ, რა ინტერესი იყო საქართველოს მიმართ და ეს ხომ ერთი დღით არ შემოიფარგლება. ახლა ევროპელებს, საქართველოს გულშემატკივრებს და წარმატების მსურველებს სურთ ნახონ სწორ გზაზე მიმავალი საქართველო და როგორ იმუშავებს რეალურ ცხოვრებაში ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი არჩეულმა პარლამენტარებმა მოაწერეს. ასეც ვიტყოდი, ეს არჩევნები იქნება უმეტესად ტესტი მმართველი პარტიისთვის, რადგან არ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ყველა ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას. ყველაზე მთავარია, რომ აღარ იყოს წინასაარჩევნო პერიოდში და შემდეგ სიძულვილის ენის გამოყენება. ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა უარი უნდა თქვას სიძულვილის ენაზე და დაამკვიდროს კონსტრუქციული მიდგომები. კონკურენცია გვესმის და არჩევნები კონკურენტუნარიანი უნდა იყოს, მაგრამ სიძულვილის ენას ყველამ უარი უნდა უთხრას. შეიძლება პოლიტიკოსები იდეების მოწინააღმდეგეები იყვნენ, მაგრამ არა ერთმანეთის და პიროვნულ დონეზე თავდასხმები მიუღებელია. ეს არის ევროპული მიდგომა. ვინც აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, მათ ძალიან კარგად იციან, როგორ ჩაიარა პროცესმა და ახლა უნდა ვნახოთ პროგრესი. ეს არჩევნები ნამდვილად ტესტი იქნება. პოლიტიკური ცხოვრების ცვლილებები ახლა იწყება, როდესაც მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაცია მიმდინარეობს“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები