რევაზ სოხაძემ კუს ტბასთან დაკავშირებით ვახტანგ შაქარიშვილის განცხადებას “პოპულისტური” უწოდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე – რევაზ სოხაძე კუს ტბის განვითარებასთან დაკავშირებით ვახტანგ შაქარიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. სოხაძე მიიჩნევს, რომ შაქარიშვილმა კახა კალაძის განცხადების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა. მისი თქმით, მერის განცხადება არანაირად არ ეხება კუს ტბის მეპატრონეების დავას.

რევაზ სოხაძის განმარტებით, დედაქალაქის მერის გამოსვლა კუს ტბის კონცეფციის დამუშავებას ეხებოდა.

„მოგიწოდებთ, რომ ჯერ ყურადღებით მოუსმინოთ მერის გამოსვლასა და მის განცხადებას და სწორად გამოიტანოთ შინაარსი. ლაპარაკი იყო არა კუს ტბის რეაბილიტაციაზე და ამისთვის რაიმე სახით ბიუჯეტის ფულის დახარჯვაზე, არამედ კუს ტბის კონცეფციის დამუშავებაზე”, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, კუს ტბა  იურიდიულად დღეს  გასხვისებული და გაყიდულია და ეს არასასურველი მოცემულობაა, რომელთან შეგუებაც მუნიციპალიტეტს უწევს.

„ჩემი სუბიექტური აზრია, რომ თავის დროზე საერთოდ არ უნდა გასხვისებულიყო კუს ტბა, მაგრამ დღეს ასეთი მოცემულობაა. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ კონცეფციის დამუშავებაზე, ლაპარაკია იმაზე, რომ მერმა დაავალა ვიცემერს ყველა შესაძლო სუბიექტთან, მათ შორის, კუს ტბის იურიდიულ წარმომადგენელთან და  დარგის სპეციალისტებთან ერთად კონცეფციის შემუშავება. ვატო შაქარაშვილის განცხადება უბრალოდ პოპულისტურია”, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, კუს ტბასთან დაკავშირებული ვითარება იყო ისეთი, როგორიც თბილისს შეეფერება და როგორსაც ამ ქალაქის მცხოვრებლები იმსახურებენ.

„ეს კონცეფცია უნდა შეიცავდეს ქალაქის ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს კუს ტბა.  ვინც არ უნდა იყოს მეპატრონე, მისი ვალდებულება უნდა იყოს ამ კონცეფციის აღსრულება. კუს ტბას უნდა დაუბრუნდეს ლანდშაფტურ-რეკრეაციული ფუნქცია. ეს მნიშვნელოვანია თბილისისა და თბილისელებისთვის, შესაბამისად ამ ინტერესებს ემსახურება მუნიციპალიტეტიც”, – დასძინა რევაზ სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები