ვახტანგ შაქარიშვილი: რატომ სცნობს კახა კალაძე სააკაშვილის ზონდერს კუს ტბის მესაკუთრედ?!

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი, წევრი ვახტანგ შაქარიშვილი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ კუს ტბის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და კოლეგებს ამ საკითხით სიღრმისეულად დაინტერესებისკენ მოუწოდა.

ვახტანგ შაქარიშვილი აცხადებს, რომ, კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან მიმდინარეობს და ეს ე.წ. კერძო მესაკუთრე სააკაშვილის ზონდერი გია უდესიანია.

„მინდა, ვიკითხო საჯაროდ, ვინ არის კუს ტბის კერძო მესაკუთრე და რატომ უკეთებს დედაქალაქის მერი ლეგიტიმაციას და კუს ტბის ლეგიტიმურ მფლობელად სცნობს გია უდესიანს, სააკაშვილის ზონდერს, რომელიც ქვეყნის გარედან აფინანსებს ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას. ეს ხდება მაშინ, როდესაც ხვალ არის სასამართლო პროცესი, სადაც გია უდესიანის მიერ ტრაგიკულად მოკლული ბესო ხარძიანის ოჯახს აქვს დავა სასამართლოში.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რატომ სცნობს დედაქალაქის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი გია უდესიანს, ზონდერს, მკვლელს მესაკუთრედ?!”, – აცხადებს საკრებულოს წევრი.

მისივე თქმით, ის რიტორიკულ კითხვას სვამს – ხომ არ შეუშლის თბილისის მერის ეს განცხადება სასამართლო პროცესს ხელს და ხომ არ გამოიყენებს უდესიანის მხარე ამ განცხადებას როგორც არგუმენტს, როდესაც ოფიციალური სტრუქტურა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი მესაკუთრედ აღიარებს და მოლაპარაკებებს აწარმოებს კერძო მესაკუთრესთან, რომელიც ამ ეტაპზე გია უდესიანია.

„გთხოვთ, კოლეგებო, დაინტერესდეთ ამ საკითხით სიღრმისეულად, რადგან ეს არის ჩაგრული და განადგურებული ოჯახის შეურაცხყოფა. დავიცვათ ჩვენ სამართლიანობა, ღირსება და დავიცვათ ოჯახი, რომელიც პირდაპირ გაანადგურა სააკაშვილმა გია უდესიანის ხელით. აქ არ არის საკითხი ქონებრივ დავაზე, აქ არის საკითხი სამართლიანობაზე, ღირსებაზე და იმ მთავარ დაპირებებზე, რითიც პარტია „ქართული ოცნება“ მოვიდა ქვეყნის ხელისუფლებაში და როგორც აღმოჩნდა, არა ქვეყნის სამართავად, არამედ პარტიის სამართავად“, – აღნიშნა ვახტანგ შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები